ილონ მასკის ტვინის ჩიპებზე ბევრი ვისაუბრეთ, ახლა კი ვიგებთ, რომ Neuralink 2026 წელს დიდი გეგმებით ხვდება, იქნება ეს წარმოების ზრდა თუ ავტომატიზირებული ქირურგია. ეს ამბავი კი ნეიროტექნოლოგიური კომპანიის ევოლუციას აღნიშნავს, წარსულში არსებული ფინანსური თუ იურიდიული რეგულირებების ფონზე… თუმცა FDA-სგან უკვე ნებართვა აიღო კვლევების დასაწყებად და 650 მილიონი დოლარის დაფინანსებაც მოიზიდა, რაც კარგი საფუძველია ტვინის ჩიპების მასობრივად წარმოებისთვის. 

შეგახსენებთ, რომ Neuralink-ის იმპლანტი კომპაქტური ულტრა თხელი მოწყობილობაა, რომელიც ნერვულ სიგნალებს პირდაპირ ტვინიდან კითხულობს. სისტემა პარალიზებულ ან სხვა ნევროლოგიური დარღვევის მქონე პირებს ეხმარება, დაუკავშირდნენ კომპიუტერებსა და ციფრულ მოწყობილობებს სრულიად დამოუკიდებლად.  

ადრეულმა ცდებმა აჩვენა, რომ ექსპერიმენტში ჩართულმა პირებმა კურსორის მოძრაობა, ვების დათვალიერება და ვიდეოთამაშებით გართობაც კი შეძლეს, ფიზიკური მოძრაობის გარეშე, რაც, რაღა თქმა უნდა, ტექნოლოგიის პოტენციალზე მეტყველებს. 

ახლა კი მასკის განცხადება ამ იმპლანტების მოთავსების პროცესზეა ორიენტირებული — თუ აქამდე ქირურგიული ჩარევა იყო საჭირო თავის ქალის გასახსნელად, რასაც რობოტული სისტემის მიერ ტვინის ქსოვილში შეღწევა მოსდევდა, ახლა Neuralink „თითქმის მთლიანად ავტომატიზირებულ“ პროცესზე გადასვლას გეგმავს. მიზანი ქირურგიულ გუნდებზე დამოკიდებულების შემცირებაა, რაც პროცედურას მეტად სწრაფს, განმეორებადს და მარტივს გახდის. 

საინტერესოა, რომ აქამდე ილონ მასკი 2026 წლის ბოლოსთვის 1000-ზე მეტი იმპლანტის გადანერგვაზე საუბრობდა. ეს განცხადებებიც ამ ამბიციას პასუხობს, თუმცა რეალურად, რა მოხდება, ამას დრო გვაჩვენებს…

www.marketer.ge