ბოლო დროს, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ხშირად ლაპარაკობენ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ და ადამიანის მიერ შექმნილ ილუსტრაციებზე, მათ პლუსებსა და მინუსებზე. ბევრს ჰგონია, რომ AI დიდ საფრთხეს წარმოადგენს დიზაინერებისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ პროექტებს მსოფლიო მასშტაბით, რომლებიც ხელნაკეთ ვიზუალებზეა ორიენტირებული და თითქოს უფრო მეტადაც წამოსწია წინ ადამიანის ხელით შესრულებული, ავთენტური პროდუქტები.

ამის ნათელი მაგალითია ბოლოდროინდელი ბრენდინგი – Kingdom & Sparrow-ს ნამუშევარი უელსური ცქრიალა ღვინის ბრენდისთვის, Mydflower. მისი ბრიფი კლასიკური პრემიუმრებრენდინგის ფორმატისა იყო: რეგიონული ღვინის განვითარება ისე, რომ კონკურენცია გაეწია ცქრიალა ღვინის ბაზარზე და ამავდროულად შეენარჩუნებინა ფოლკლორული ხიბლი.

ბევრი კომპანია ამისთვის Midjourney-ს მიმართავდა, ჩაამატებდა რამდენიმე პრომპტს, როგორიცაა „მისტიკური უელსური ბუნება“ და ამას სტრატეგიას უწოდებდა. Kingdom & Sparrow-მ კი სრულიად განსხვავებული გზა აირჩია – ლინოგრავიურის სტილში შესრულებული ილუსტრაციები კურდღლების, ფრინველებისა და ველური ყვავილების მოტივებით. ეს არის შრომატევადი, ტრადიციული ტექნიკა, რომელიც ცოცხალ უნარებსა და დიდ დროს მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ 2026 წელს შეგიძლია ლანჩამდე „ფოლკლორული ღვინის ეტიკეტის“ ათასი ვარიაცია დააგენერირო, ხელით დახატული ილუსტრაციების არჩევა მხოლოდ ესთეტიკური გადაწყვეტილება აღარ არის, ეს პოზიციონირების განცხადებაა. და Mydflower-ის შემთხვევაში, როგორც ჩანს, ეს სწორი არჩევანია.

ხელობა ისევ მნიშვნელოვანია

ტექნიკური შესრულება ნათლად აჩვენებს, რატომ აქვს ხელობას მნიშვნელობა პრემიუმსეგმენტში. ლინოგრავიურის სტილის ილუსტრაციები უბრალოდ ბრტყლად დაბეჭდილი არ არის ეტიკეტზე, ისინი ამობურცულია (ემბოსირების მეთოდი) ბოთლის ყელზე მოთავსებულ სპეციალურ მანჟეტზე, ხოლო ცენტრალურ ეტიკეტზე ოქროსფრად ამობურცული მზეა წარმოდგენილი. ბაბუაწვერასა და ჟოლოს ვერსიებშიც შესაბამისი ბოტანიკური ელემენტები აკრავს ამ მზეს გარშემო. 

ეს დიზაინი კარგად აცნობიერებს საცალო გარემოს რეალობას: პრემიუმღვინოებს ადამიანები თვალით კი არა, შეხებითაც ყიდულობენ. ხელით ვიღებთ ბოთლს, ვგრძნობთ ტექსტურას და ტვინი მყისიერად აკეთებს ღირებულების შეფასებას…და სწორედ აქ ქრება ხოლმე ის არგუმენტი, რომ „AI-ს ყველაფრის გაკეთება შეუძლია“. დიახ, შეგიძლია სურათების გენერაცია. მაგრამ შეგიძლია არტდირექცია გაუწიო ემბოსირებას? გესმის ქაღალდის ტიპები, დამუშავების ტექნიკები და ის, როგორ ეცემა შუქი ამობურცულ ხაზს? Kingdom & Sparrow-ს ეს ყველაფერი ესმის – და ეს ნათლად ჩანს ნამუშევარში, რომელიც მხოლოდ ფიზიკური მასალების ღრმა ცოდნის შედეგად შეიძლებოდა შექმნილიყო.

ფოლკლორი და ბრენდი

თავად ფოლკლორული მიმართულებაც ყურადღების ღირსია. უელსური მითოლოგია ახალი თემა არ არის. ეს ბრენდირების ის ტერიტორიაა, სადაც ძალიან ადვილად შეიძლება „თემატური ესთეტიკის” არჩევა, თუმცა აქ სტუდია საოცარი თავშეკავებით მოქმედებს.

ილუსტრაციები დეტალურია, მაგრამ არა გადატვირთული; ფოლკლორულია, მაგრამ არა პირდაპირი. კურდღლები და ველური ყვავილები გადაიქცევა ელეგანტურ ორნამენტულ ელემენტებად და არა მძიმე ნარატიულ სიმბოლოებად. შედეგად მიღებული ვიზუალი უფრო პრემიუმია, ვიდრე ფანტასტიკური,რაც ზუსტად იმ ბალანსს ქმნის, რომელიც Mydflower-ს სჭირდებოდა.

სტრატეგიული თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ აგვარებს დიზაინი ბრენდის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას. Mydflower აწარმოებს ცქრიალა ღვინოს ბაბუაწვერასა და ჟოლოზე დაფუძნებით, უელსური მთის წყაროს წყლითა და შამპანურის საფუვრით. ამიტომ, პროდუქტზე დაყრდნობით, ბრენდი ერთდროულად ცდილობს იყოს პრემიუმიც და ალტერნატიულიც, ტრადიციულიც და გამორჩეულიც. ვიზუალური იდენტობა ორივე იდეას ერთდროულად იტევს.

დასკვნა

კრეატორებისთვის, რომლებიც AI-ის ირგვლივ მიმდინარე დებატებში არიან ჩართული, ეს პროექტი კარგი გაკვეთილია. კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, შეუძლია თუ არა ალგორითმულ ინსტრუმენტებს ადეკვატური ნამუშევრის შექმნა, ვიცით, რომ შეუძლია, საქმე ისაა – ადეკვატურია თუ არა ის დონე, სადაც გინდა საკუთარი თავი ან შენი კლიენტი დააპოზიციონირო.

Kingdom & Sparrow ეფექტურად ყიდის ადამიანის მიერ დახარჯული დროის, უნარისა და გადაწყვეტილებების ხილულ მტკიცებულებას. და რაც მთავარია, ისინი პოულობენ კლიენტებს, რომლებიც მზად არიან, ამაში გადაიხადონ.

ეს ბაზრის პოზიციონირებაა. კატეგორიაში, რომელიც სულ უფრო ივსება AI-გენერირებული კონტენტით, ხელით შექმნილი ნამუშევარი გამოირჩევა არა იმით, რომ მეტი დრო სჭირდება და ძვირი ჯდება, არამედ იმიტომ, რომ მისით ყიდი იმას, ვერც გამოწერით და ვერც კარგი პრომპტით ადვილად ვერ გაიმეორებ.

www.marketer.ge