ქირურგისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი ყოველთვის ზუსტი ხელი იყო. მომავალში კი ასეთი სიზუსტე შესაძლოა ჰუმანოიდ რობოტებსაც ჰქონდეთ. კალიფორნიის უნივერსიტეტის (UC San Diego) მკვლევრებმა აჩვენეს, რომ დისტანციურად მართვად ჰუმანოიდ რობოტებს შეუძლიათ ცოცხალ ორგანიზმზე ნაღვლის ბუშტის ოპერაციის წარმატებით ჩატარება. მათი თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ მომავლისკენ, სადაც ადამიანისა და რობოტის თანამშრომლობა საოპერაციოში ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდება.
კვლევა, რომელიც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, აღწერს პირველ შემთხვევას, როდესაც ჰუმანოიდმა რობოტებმა წარმატებით შეასრულეს ინვაზიური ოპერაციები ცოცხალ მსხვილ ძუძუმწოვრებზე.
პირველი ოპერაციის დროს ჰუმანოიდმა რობოტმა ქირურგთან ერთად ლაპაროსკოპიული მეთოდით ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა შეასრულა. მეორე ოპერაციაში კი უკვე ორი ჰუმანოიდი რობოტი თანამშრომლობდა და იგივე პროცედურა ერთად დაასრულა. მკვლევრების თქმით, ეს პირველი დოკუმენტირებული შემთხვევაა, როდესაც ორი რობოტი მსგავსი ტიპის ქირურგიულ ოპერაციაზე ერთობლივად მუშაობდა.
რობოტები, რომლებიც ჩვეულებრივ საავადმყოფოებშიც იმუშავებენ
ტრადიციული ქირურგიული რობოტებისგან განსხვავებით, რომლებიც სპეციალურად საოპერაციოებისთვის არის შექმნილი, UC San Diego-ს სისტემას ჰუმანოიდური კონსტრუქცია აქვს. ეს ნიშნავს, რომ რობოტები იმ გარემოში მუშაობენ, რომელიც ადამიანებისთვის არის მოწყობილი და დამატებითი ინფრასტრუქტურის დამონტაჟებას არ საჭიროებენ.
Surgie-ს სახელით ცნობილი რობოტები დაახლოებით 1,5 მეტრის სიმაღლისა და 27 კილოგრამის წონის არიან. მათ შეუძლიათ სტანდარტული ქირურგიული ინსტრუმენტების გამოყენება, ხოლო ქირურგები მათ დისტანციურად, სპეციალური მართვის კონსოლის მეშვეობით აკონტროლებენ. სისტემა ექიმის ხელის მოძრაობებს რეალურ დროში ზუსტ ქმედებებად გარდაქმნის.
სად შეიძლება გამოიყენონ ასეთი ტექნოლოგია
მკვლევრების შეფასებით, ჰუმანოიდი რობოტები არსებული ქირურგიული სისტემების ჩანაცვლებას არ ისახავს მიზნად. პირიქით, ისინი მათ დამატებად განიხილება.
მათი მცირე ზომისა და გადაადგილების შესაძლებლობის გამო, მსგავსი რობოტები განსაკუთრებით გამოსადეგი შეიძლება იყოს იმ საავადმყოფოებში, სადაც დიდი რობოტული სისტემების დამონტაჟება შეუძლებელია, ასევე, ბუნებრივი კატასტროფების ზონებში. გარდა ოპერაციების ჩატარებისა, მომავალში მათ სხვა კლინიკური და ლოგისტიკური ამოცანების შესრულებაც შეეძლებათ.
ტექნოლოგია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა
პროექტზე UC San Diego-ს ინჟინრები და უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ქირურგები ერთობლივად მუშაობდნენ. მათი მიზანი იყო ქირურგიული სიზუსტის, ტექნიკური შესაძლებლობებისა და სისტემის პრაქტიკული გამოყენების შეფასება.
თუმცა მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგია ამ ეტაპზე მხოლოდ კონცეფციის დამადასტურებელ ექსპერიმენტს წარმოადგენს. ოპერაციები ჯერჯერობით ცხოველებზე ჩატარდა და ადამიანებზე მის გამოყენებამდე საჭირო იქნება დამატებითი კვლევები, ტექნოლოგიის გაუმჯობესება და მარეგულირებელი ორგანოების შესაბამისი ნებართვები.
ჯერ არ ვიცით, რა იქნება საბოლოოდ, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამომავლოდ რობოტები იმუშავებენ იმ გარემოში, რომელიც ადამიანებისთვის არის შექმნილი.