საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები აჭარის რეგიონში გამოვლინდნენ - ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა ახლადგახსნილ ინტერაქციულ სივრცეში "სტარტაპ ბათუმი", რომელიც შექმნილია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტის - „მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელი – ბათუმი: ახალი სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ინიციატივის "მერები ეკონომიკური ზრდისთვის-M4EG" ფარგლებში.
სივრცის ოფიციალური გახსნა საგრანტო პროგრამის დაჯილდოების ღონისძიებამდე შედგა. პროექტი მიზნად ისახავს ბათუმის, როგორც სტარტაპ დედაქალაქის ჩამოყალიბებას, ადგილობრივი ეკოსისტემის გაძლიერებითა და ინოვაციური გარემოს განვითარებით. ახალი ჰაბის ერთობლივ მართვას უზრუნველყოფენ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკი.
აჭარის რეგიონში საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებული პროექტებია:
- სულიკო AI - AI ხელსაწყო ეხმარება კომპანიებსა და სათარჯიმნო ბიუროებს დოკუმენტების თარგმნასა და თარგმნის ხარისხის შემოწმებაში.
- ქარსფეარი - პროექტის ფარგლებში იგეგმება ავტომობილების (ავტო პარკის) მენეჯმენტის სისტემის შექმნა, რომელიც დაეხმარება მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს საკუთარი ავტომობილების მონაცემების კონტროლში
- Courtmaster-ის მიზანია უზრუნველყოს ბავშვთა კალათბურთის თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია და მოთამაშეების პერფორმანსისა და თამაშის სტატისტიკური ანალიზი.
- კლიქს - სტარტაპი ეხმარება საშუალო და დიდი ზომის E-commerce და Retail კომპანიებს, კონვერსიის 30%-ით გაზრდაში, მარკეტინგული თამაშებისა და პროგნოზირებადი ავტომიზაციის სისტემით.
- ბაიტფოლიო - სტარტაპის მიზანია, რევოლუცია მოახდინოს კულინარიულ სფეროში, დინამიური პლატფორმის უზრუნველყოფით, რომელიც აკავშირებს ყველა დონის კულინარიის მოყვარულს.
- საზრისი/Sazrisi - პროექტის მიზანია, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის და მათ აკადემიურ მოსწრებაზე მორგებული გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები.
რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს აღნიშნული პროგრამა განხორციელდა საქართველოს 11 რეგიონში და გამოვლინდა 42 გამარჯვებული პროექტი. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პორტალზე: gita.gov.ge.
მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, აჭარის რეგიონში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 10 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.
გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.