საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ქართულ კომერციულ ბანკებში 4 მილიარდზე მეტი რუსული რუბლი ინახება. 2025 წლის მარტის მდგომარეობით, რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 121.021 მილიონ ლარს შეადგენდა. რაც თებერვალთან შედარებით თითქმის 138%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 102%-ით მეტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის თებერვლის მონაცემებით, რუსულ რუბლში სულ განთავსებული იყო 50.903 მლნ ლარის მოცულობის დეპოზიტები. 2024 წლის მარტის მდგომარეობით კი რუბლის დეპოზიტების მოცულობა 59.655 მლნ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება მთლიან მონაცემებს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის მარტის ბოლოსათვის 58.47 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 467.90 მლნ ლარით, 0.81%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.46%-ით მეტი). დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 11.27% შეადგინა. მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 67.78 მლნ ლარით, ანუ 0.25%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.93%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 400.11 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.92%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის მარტის ბოლოსათვის 47.23% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.35 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.04 პროცენტული პუნქტით).

მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.84% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.84% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.56%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.65% , ხოლო ევროს წილმა 18.91% შეადგინა. რაც შეეხება რუბლის წილს, 2025 წლის მარტის მდგომარეობით ის მთლიან დეპოზიტებში 0.21%-ს შეადგენს. ამავე წლის თებერვლის მდგომარეობით შეადგენდა 0.09%-ს, წინა წლის მარტში კი 0.12%-ს.