ამერიკელი ეკონომისტი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და 2001 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში ჯოზეფ სტიგლიცი მიიჩნევს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ს მსოფლიო მასშტაბით უდიდეს საგადასახადო ოფშორად აქცევს. ეკონომისტი წერს, რომ ამაზე მიუთითებს ის ფაქტები, რომ ქვეყანა ტოვებს საერთაშორისო საგადასახადო შეთანხმებებს, აუქმებს გამჭვირვალობის სტანდარტებს და ასუსტებს გადასახადების კონტროლის მექანიზმებს.

,,დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ასწრაფებს პროცესს, რომ აშშ მსოფლიოში უმსხვილეს საგადასახადო ოფშორად იქცეს. მისი ნაბიჯები მოიცავს ინფორმაციული გამჭვირვალობის რეჟიმიდან გასვლას, საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობაზე უარის თქმას, უცხოური კორუფციის შესახებ კანონის შეჩერებას და კრიპტოინდუსტრიის მასშტაბურ დერეგულაციას.’’- წერს ამერიკელი ეკონომისტი.

ჯოზეფ სტიგლიცი აცხადებს, რომ ექსპერტების შეფასებით, ტრამპის მიზანია 250-წლიანი ინსტიტუციური ბალანსის დემონტაჟი. ის არღვევს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, უგულებელყოფს ინტერესთა კონფლიქტებს და თავს არიდებს კონგრესის მიერ გამოყოფილი სახსრების გამოყენებას, რაც პირდაპირ ხელყოფს სამართლის უზენაესობის პრინციპს. ერთადერთი გადასახადი, რომელსაც ტრამპი უჭერს მხარს, არის იმპორტზე დაწესებული ტარიფები.

,,ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ეს პოლიტიკა რეალურად ზრდის აშშ-ის სავაჭრო დეფიციტს და ამცირებს შიდა დანაზოგებს. ამის ფონზე, მდიდრებისთვის გადასახადების შემცირება, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი გაზარდა, კიდევ უფრო ართულებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. ტრამპის პოლიტიკა აზიანებს ასევე მომსახურების სფეროს — ტურიზმს, განათლებასა და ჯანდაცვას. ვიზების გაუქმება, საგამომცემლო გრანტების შემცირება და უნივერსიტეტების დასუსტება ამცირებს აშშ-ის კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზარზე.’’- წერს ეკონომისტი.

ჯოზეფ სტიგლიცი აცხადებს, რომ ჩინეთი უკვე იღებს საპასუხო ზომებს, რამაც ინფლაციისა და ეკონომიკური სტაგნაციის შიში გაზარდა. ,,საფონდო და ობლიგაციების ბაზრებზე დაიწყო მკვეთრი ვარდნა. მნიშვნელოვანი როლი ტრამპის ადმინისტრაციაში უკავია ილონ მასკსაც. შემოსავლების შემცირება 10%-ზე მეტად და საგადასახადო სამსახურის (IRS) 50,000 თანამშრომლის შემცირება შეიძლება მომავალ ათწლეულში ბიუჯეტს $2,4 ტრილიონით აზარალოს. პარალელურად, ხელისუფლება აუქმებს კონტროლს, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მდიდრებისთვის გადასახადების თავიდან არიდებას. საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე სახელმწიფოებს გაუჭირდებათ ტრანსნაციონალური კომპანიების და სუპერმდიდრების დაბეგვრა.’’- აღნიშნავს ამერიკელი ეკონომისტი.  

ჯოზეფ სტიგლიცი მიიჩნევს, რომ ტრამპი და მასკი აშკარად ცდილობენ შექმნან ოფშორული ტიპის კაპიტალიზმი, რომელიც ემყარება რეგულაციების მინიმუმს და კაპიტალის უკონტროლო კონცენტრაციას.

,,კრიპტოვალუტების მხარდაჭერა, პლატფორმების დერეგულაცია და „სტრატეგიული კრიპტორეზერვის“ შექმნა ამ მცდელობის ნაწილი გახდა. მთელს მსოფლიოში გაფართოებული კრიპტობირჟები, ონლაინ კაზინოები და ტოტალიზატორები ახალ სიცოცხლეს აძლევენ გლობალურ უკანონო ეკონომიკას. ტრამპმა კრიპტოს მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. მან გამოუშვა საკუთარი მემ-კოინი და შესაძლოა გეგმავს კრიპტო თამაშის შექმნას „მონოპოლიის“ მიხედვით. ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიაში (SEC) მან დანიშნა კრიპტოინდუსტრიის წარმომადგენელი პოლ ატკინსი, რაც კიდევ უფრო ადასტურებს კრიპტოაქტივების პრიორიტეტს ახალ ეკონომიკურ მოდელში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ დისტანცირდება საერთაშორისო შეთანხმებებისგან, ეს შეიძლება მსოფლიოზე დადებითად აისახოს: სხვა ქვეყნებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩამოაყალიბონ უფრო ამბიციური და სამართლიანი გლობალური საგადასახადო სისტემა, დამოუკიდებლად აშშ-ის ჩარევისგან.’’- წერს ამერიკელი ეკონომისტი.