"მუკუზანი ღვინის სარდაფმა" სოფელ მუკუზანში სადეგუსტაციო სივრცე და ღვინის მუზეუმი გახსნა. როგორც ღვინის კომპანიის მთავარმა მეღვინემ ვაკო ქათამაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ადგილზე მისულ ვიზიტორებს ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებაც შეუძლიათ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ტურისტული ობიექტი, დაახლოებით, 2 კვირის წინ გაიხსნა და დაინტერესება უკვე არის.
"მარანში ასევე, არის სარდაფი, სადაც ქვევრები და ღვინის ლაბორატორიაა განთავსებული. გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს სადეგუსტაციო სივრცეში მასტერკლასების ჩატარების შესაძლებლობაც აქვთ. ადგილზე მოსულ სტუმრებს ჩვენი პრემიუმ ხარისხის ღვინოები დახვდებათ, რომელთა შეძენას ადგილზე შეძლებენ. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ღვინის ხარისხს და პრემიუმ ხარისხი ნიშნავს იმას, რომ 1 ჰა ვენახზე მაქსიმალური მოსავალი 4000 კგ ყურძენია.
ჩვენ ღვინის რამდენიმე ბრენდი გვაქვს, მათ შორის, Mukuzani Wine Cellar, Lomiauri Estate და EsCargot. აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა ბაზარზე ასევე, წარმოდგენილია დისტილატებით. ჯამში 30-მდე დასახელების ღვინო გვაქვს, მათ შორის, ვაწარმოებთ როგორც კლასიკურ, ანუ ევროპულ, ისე ქვევრის და კასრის ღვინოებს. ჩვენი გამორჩეული ღვინოა მუკუზანი, რადგან ამავე ტერიტორიაზე მოწეული ყურძნით იწარმოება და დაცული ადგილწარმოშობის ღვინოა. გარდა ამისა, ერთ-ერთი ცნობილი ღვინო არის "პინო ნუარი", ანუ ქვევრის შავი ღვინო. ღვინოები ყველა საფასო კატეგორიაში გვაქვს - როგორც მაღალი საფასო კატეგორიის, ისე დაბალი და საშუალო.
მარნის ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმში წარმოდგენილია ისეთი ნივთები, რომლებიც ჩვენი წელთაღრიცხვით II-III საუკუნით თარიღდება. შესაბამისად, აღნიშნული სივრცე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის.
ჩვენი ტურისტული ობიექტის მიმართ ინტერესი უკვე არსებობს. ჩვენ სტუმრები გვყავდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ამერიკიდან, ჩინეთიდან, გერმანიიდან და სხვა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წინასწარი ჯავშნებიც უკვე გვაქვს და მომავალში უფრო მეტ აქტივობას ველოდებით. ამჟამად, სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს და შესაბამისად, ვიზიტორებს ადგილზე დარჩენის შესაძლებლობაც ექნებათ", - აცხადებს ვაკო ქათამაძე.
მთავარი მეღვინის ცნობით, მეღვინეობის ღვინოები როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე იყიდება. ვაკო ქათამაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ექსპორტზე 50% იყიდება, მათ შორის, ევროპის თითქმის ყველა და ასევე, აზიის რამდენიმე ქვეყანაში.
ცნობისთვის, მეღვინეობა "მუკუზანი ღვინის სარდაფი" ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. მეღვინეობა 1 წელში 50 000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებდა, თუმცა მიმდინარე წელს მათი წარმადობა სავარაუდოდ, 100 000 ბოთლი იქნება.