საუკუნეზე მეტია, კაცობრიობა ოცნებობს ქალაქებზე, სადაც ტრანსპორტი ორგანზომილებიანი სიბრტყიდან (გზებიდან) სამგანზომილებიან სივრცეში გადაინაცვლებს. მეოცე საუკუნის ფუტურისტული ანიმაციებიდან დაწყებული, „Blade Runner“-ის დისტოპიური პეიზაჟებით დამთავრებული, მფრინავი ავტომობილები ყოველთვის იყო პროგრესის სიმბოლო. თუმცა, 2020-იან წლებში ეს ხედვა გასცდა სამეცნიერო ფანტასტიკას. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ Urban Air Mobility (UAM)-ზე — სისტემაზე, რომელიც რევოლუციას მოახდენს არა მხოლოდ გადაადგილების მხრივ, არამედ იმ კუთხითაც, თუ როგორ ვაშენებთ ქალაქებს, როგორ ვმუშაობთ და როგორ აღვიქვამთ დროსა და სივრცეს. განვიხილავთ, თუ როგორ გარდაქმნის ცის ათვისება ურბანულ არქიტექტურას, რა სოციალურ გამოწვევებს ბადებს ის და რომელი ქალაქები არიან ამ გლობალური რბოლის ლიდერები.

ტექნოლოგიური საფუძველი
სატრანსპორტო დრონების წარმატება ეფუძნება სამ ძირითად ტექნოლოგიურ სვეტს: ელექტროფიკაციას, ავტონომიურ მართვასა და მასალების ინჟინერიას. ტრადიციული ვერტმფრენებისგან განსხვავებით, რომლებიც ხმაურიანია და ძვირად ღირებულ საწვავს მოიხმარს, დრონები იყენებენ მრავალრიცხოვან მცირე ელექტროძრავებს. ეს სისტემა, რომელიც ცნობილია როგორც Distributed Electric Propulsion (DEP), უზრუნველყოფს უსაფრთხოების უმაღლეს დონეს: ერთი ან ორი ძრავის გაუმართაობის შემთხვევაში, დანარჩენები მაინც აგრძელებენ ფრენის სტაბილიზაციას.
მთავარ ტექნიკურ ბარიერად დღემდე რჩება დრონისთვის საკმარისი ენერგიის მობილიზება. იმისათვის, რომ დრონმა 2-დან 5 მგზავრამდე 50-100 კილომეტრის მანძილზე გადაიყვანოს, საჭიროა მაღალი ტევადობის ელემენტები. 2026 წლისთვის ამ მიმართულებით პროგრესი საგრძნობია, თუმცა ჯერჯერობით ეს დაბრკოლება გადაულახავია.

ურბანული ტრანსფორმაცია და ვერტიპორტები
დრონების ეპოქა მოითხოვს ქალაქის ინფრასტრუქტურის ფუნდამენტურ გადააზრებას. სწორედ ამიტომაც, არქიტექტორები და ურბანისტები უკვე მუშაობენ „ვერტიკალური ქალაქის“ კონცეფციაზე.
ვერტიპორტი არის მულტიმოდალური ჰაბი, რომელიც ინტეგრირებულია ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში და შენდება მრავალსართულიანი შენობების სახურავებზე, რაც ზოგავს ძვირად ღირებულ მიწის რესურსს. ვერტიპორტი მოიცავს მგზავრების მოსაცდელებს, სწრაფი დამუხტვის წერტილებსა და ტექნიკური მომსახურების ზონებს. დღეს ქალაქის დაგეგმარებაში ჩნდება ახალი ცნება — „საჰაერო დერეფანი“—ვირტუალური გზატკეცილები ჰაერში მდინარეების, მაგისტრალების ან ინდუსტრიული ზონების თავზე, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ხმაურის გავლენა საცხოვრებელ უბნებზე.

სოციალური გავლენა და საზოგადოების მზაობა
დრონების ინტეგრაცია აწყდება რამდენიმე სერიოზულ ფსიქოლოგიურ და სოციალურ ბარიერს. ერთ-ერთი მთავარი შიში არის ის, რომ საჰაერო ტაქსი გახდება მხოლოდ მდიდრების პრივილეგია, რაც კიდევ უფრო გაზრდის საზოგადოების დიფერენციაციას. თუმცა, ეკონომიკური მოდელები აჩვენებს, რომ მასშტაბირების შემთხვევაში, მგზავრობის ფასი, შესაძლოა, ჩვეულებრივი ტაქსის ტარიფს გაუთანაბრდეს. მთავარი გამოწვევაა, რომ UAM გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი და არა მისი ალტერნატივა რჩეულთათვის.
მსოფლიოს რამდენიმე მეტროპოლიამ უკვე გადადგა ნაბიჯები დრონების ლეგალიზაციისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობისკენ. ამ მხრივ, მოწინავე პოზიციებს იკავებს დუბაი, სადაც გეგმავენ, რომ 2030 წლისთვის მგზავრობების 25% იყოს ავტონომიური. ქალაქმა უკვე გააფორმა ხელშეკრულებები კომპანია Joby Aviation-თან ვერტიპორტების ქსელის შესაქმნელად. ევროპაში კი პარიზი გახდა „სასწავლო პოლიგონი“. 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული, ქალაქი აქტიურად ტესტავს Volocopter-ის აპარატებს. პარიზის მაგალითი მნიშვნელოვანია, რადგან ის გვიჩვენებს, როგორ შეიძლება დრონების ინტეგრირება ისტორიულ ქალაქში.
ვრცლად: ურბან მედია