ჯანდაცვის მინისტრმა, ჩინეთში, პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის სრულ ციკლში ტრადიციული მედიცინის პრაქტიკის ინტეგრირებაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველადი ჯანდაცვის რგოლი დაავადებათა პრევენციის, მათი ადრეული გამოვლენის, ქრონიკული დაავადებების მართვის, რეაბილიტაციისა და სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის საფუძველია. შესაბამისად, სწორედ ის წარმოადგენს საწყის რგოლს მთლიან სისტემაში უსაფრთხო და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო პრაქტიკის ინტეგრირებისთვის.

„საქართველოში ამჟამად ვახორციელებთ პირველადი ჯანდაცვის ყოვლისმომცველ რეფორმას, რომლის მიზანია ჯანდაცვის სისტემის ძირითადად მკურნალობაზე ორიენტირებული მოდელიდან უფრო პრევენციულ, პროაქტიულ და ადამიანზე ორიენტირებულ მოდელზე გადასვლა.

ამ ჩარჩოს ფარგლებში ვხედავთ შესაძლებლობას, როგორ შეიძლება, ჩვეულებრივ სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, მეცნიერულად დადასტურებულმა ტრადიციულმა და კომპლემენტარულმა მედიცინამ ხელი შეუწყოს მაგალითად, რეაბილიტაციას და გარკვეული ქრონიკული მდგომარეობების მართვას.

თუმცა, წარმატებული ინტეგრაცია მხოლოდ დამატებითი მომსახურებების დანერგვით არ მიიღწევა. ამისთვის აუცილებელია შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმები და მმართველობის ძლიერი სისტემა.

პირველ რიგში, ინტეგრაცია უნდა ეფუძნებოდეს მეცნიერულ მტკიცებულებებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პაციენტებისთვის რეალური და გაზომვადი სარგებელი. მეორე - პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლებმა უნდა შეინარჩუნონ წამყვანი როლი პაციენტთა მკურნალობისა და მოვლის კოორდინაციაში. ამისთვის საჭიროა პაციენტთა გადამისამართების მკაფიო მექანიზმები და სხვადასხვა პროფილის ჯანდაცვის პროფესიონალებს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია. და მესამე - აუცილებელია სათანადო მონიტორინგის სისტემების დანერგვა და უწყვეტი პროფესიული განათლების უზრუნველყოფა, რათა მიღწეული შედეგები მდგრადი იყოს და შესაძლებელი გახდეს ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.

ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ინოვაციური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები, რომლებიც ამ მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს და ამავდროულად, უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვას“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩატარდა, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში  პაატა კალანდაძე.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს