გასულ კვირას დასავლეთ საქართველოში ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში პირველად მოვიდა ასეთი უხვი ნალექი თოვლის სახით. სტიქიასთან საბრძოლველად უმალვე ჩაერთნენ მოხალისეები. თოვლის გამო გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო ათობით სოფელი, მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა. თუმცა ახლა თოვლი უკვე დნობას იწყებს. ნალექი კი, როგორც ცნობილია, ხელს უწყობს მეწყრული პროცესების განვითარებას.
როგორც წესი, მეწყერი ვითარდება იქ, სადაც რბილი, ადვილად დაშლადი მეოთხეული ან მესამეული ასაკის ქანებია. სწორედ ამგვარი ქანებითაა ძირითადად აგებული საქართველოს მთათაშორისი ბარი.
მეწყრულ პროცესებს წარმოშობს ძლიერი ნალექი, თოვლის დნობა. ტყის ხანძრების შედეგად განადგურებული ფლორაც ხელს უწყობს მეწყრის წარმოქმნას. ცალკე ფაქტორია მიწისძვრაც. არსებობს ზედაპირული, კომბინირებული მეწყერი, სიღრმითი და ა.შ. მეწყერს იწვევს ადამიანის საქმიანობაც, იქნება ეს კარიერული თუ სხვა ტიპის სამუშაოები.
საქართველოს ტერიტორიაზე მრავლადაა სხვადასხვა სირთულის მეწყერსაშიში ზონები, რომლებიც დაყოფილია დაბალი, საშუალო, მაღალი და ძალიან მაღალი რისკის შემცველ ზონებად. ყველაზე დიდი ფართობი მეწყრის საშიშროების კუთხით საშუალო დონის საშიშროების მატარებელია, თუმცა არის ადგილები, სადაც ეს საფრთხე მაღალია, ან ძალიან მაღალია.
ეს ინფორმაცია განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე – რისკები და რეკომენდაციები,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამ უწყების დაქვემდებარებაშია.
საინტერესოა, რა რისკები არსებობს მეწყრულ ზონებში, როდესაც ასეთი უხვი ნალექი მოდის ხოლმე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასავლეთ საქართველოში კოლხეთის დაბლობის გარდა ბევრგანაა სხვადასხვა სირთულის მეწყერსაშიში ზონა.
"საზღვარგარეთ სტიქიური პროცესების პრევენცია დრონებით ხდება. ერთი საფრენი აპარატი ფარავს რამდენიმე სოფელს და აკვირდება სიტუაციას. ასე ტარდება ყოველწამიერი მონიტორინგი. ჩვენ ჯერ ამ ტექნოლოგიებთან ჯერ მისული არ ვართ, მაგრამ იმედია მალე გვექნება და, ამასთან ერთად, მოქალაქეების, ადამიანების ჩართულობაც აიცილებელია. ადამიანმა თავის საკარმიდამო არეალში ყურადღება უნდა მიაქციოს. პირობითად რომ ვთქვა, 100 სოფელში რომ ეს პროცესი სპეციალისტმა შეაფასოს, არ ეყოფა 100 სპეციალისტი. დღეს სახელმწიფოს არ აქვს შესაზლებლობა 100 სპეციალისტი ერთ რეგიონში მიავლინოს. აქცენტი უნდა გაკეთდეს მეცნიერებზე, სპეციალისტზე. ერთ მუნიციპალიტეტს მინიმუმ ერთი სპეციალისტი უნდა ჰყავდეს, რომ მოქალაქემ რომ აცნობოს შესაძლო საფრთხეზე, ის მივიდეს და შეაფასოს რისკი. დროს გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს ამ დროს და ცენტრიდან, თბილისიდან სანამ ვინმე ჩავა დრო დაიკარგება და რეაგირება დაგვიანდება," - თქვა გეომორფოლოგმა გიორგი დვალაშვილმა.