2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 85.1 პროცენტისთვის (3 343 987 კაცი) მშობლიური ენა ქართულია. 2014 წელთან შედარებით, ქართულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 2.7 პროცენტით გაიზარდა, თუმცა მათი წილი მთლიან მოსახლეობაში 87.6 პროცენტიდან 85.1 პროცენტამდე შემცირდა.

ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მშობლიური ენის მიხედვით, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანული ენა – მას მშობლიურ ენად 265 534 ადამიანი (6.8 პროცენტი) მიიჩნევს. 2014 წელთან შედარებით, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 14.7 პროცენტით გაიზარდა. სომხური ენა მშობლიურად 139 438 ადამიანს (3.5 პროცენტი) აქვს მითითებული, რაც წინა აღწერით მიღებულ მონაცემებს 3.7 პროცენტით ჩამორჩება.

ამავე პერიოდში, რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 18.6 პროცენტით გაიზარდა და 54 460 კაცი შეადგინა. ოსური ენა მშობლიურ ენად მიუთითა 3 839 კაცმა, რაც წინა, 2014 წლის აღწერის შესაბამის მონაცემებზე 32.6 პროცენტით ნაკლებია. 370 კაცისთვის მშობლიურ ენას წარმოადგენს აფხაზური, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (272 კაცი) შედარებით 36.0 პროცენტით მეტია.