2026 წლის მაისში საქართველომ სომხეთიდან 218,2 ტონა ყვავილი შეიძინა, რაც ერთ თვეში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.

საქსტატის მონაცემებით, მაისში სომხეთიდან ყვავილების იმპორტი წლიურ ჭრილში 2,9-ჯერ გაიზარდა.

აპრილთან შედარებით იმპორტის მოცულობა 89%-ით გაიზარდა და ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. წინა რეკორდი მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირდა, როდესაც საქართველომ სომხეთიდან 128,9 ტონა ყვავილი შემოიტანა.

მონაცემების მიხედვით, სომხეთიდან იმპორტირებული ყვავილები რეექსპორტზე არ გადის. გასულ თვეში საქართველოდან მსოფლიო ბაზარზე ამ კატეგორიის პროდუქციის ექსპორტი არ განხორციელებულა.

საერთო ჯამში, მაისში საქართველომ 341,7 ტონა ყვავილი შემოიტანა. სომხეთის გარდა, ყვავილების მომწოდებლები იყვნენ ეკვადორი, ნიდერლანდები, კენია, თურქეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა და იტალია.

სომხეთიდან საქართველოში ყვავილების იმპორტი მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთმა სომხური პროდუქციის შეტანა აკრძალა. სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. ერევნის ევროკავშირთან დაახლოებისა და ევროპული ინტეგრაციის კურსის გაძლიერების ფონზე, მოსკოვმა არაერთხელ გამოიყენა ეკონომიკური ბერკეტები, მათ შორის სომხური პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები.

ევროკავშირი, თავის მხრივ, ცდილობს სომხეთისთვის ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას რუსულ ბაზარზე.

gbc.ge