კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2025 წლის 10-15 მარტს, მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეული იმართება.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, კვირეულის გახსნითი ღონისძიება, 10 მარტს, თბილისში, სასტუმრო „პულმანში" გაიმართება, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი ექვსი მარეგულირებელი უწყება მიღებულ შედეგებს, გამოწვევებს და აღსრულების მექანიზმებს მიმოიხილავს.
„კვირეულის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი ყურადღება ინკლუზიის ხელმისაწვდომობას დაეთმობა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მომხმარებელთა გაძლიერებას. გაიმართება ექვსი მარეგულირებელი უწყების მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ სპეციალურად შემუშავებული მასალების პრეზენტაცია, რომლებიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გაძლიერებას და მათთვის ინფორმაციის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება: 12 მარტს - ახალქალაქში, 14 მარტს - ზუგდიდში და 15 მარტს - ბათუმში. პანელური დისკუსიის ფორმატში, ექვსი მარეგულირებელი უწყების წარმომადგენელი, მომხმარებლებთან შეხვედრისას, დეტალურად მიმოიხილავს მათთვის მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას - თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, დარღვევის შემთხვევაში ვის მიმართოს და რა ფორმით.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე მოწვეულნი არიან - მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები, პარლამენტის, ცენტრალური და რეგიონული მთავრობის წევრები. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს ყრუთა კავშირის და უსინათლოთა კავშირის წევრები, ბიზნესის, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების მიზანია საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება“,- წერია ინფორმაციაში.