განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემაში რეგისტრაციის შეჩერების შემდეგ, საქართველო უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრმა [EQAR] ყოფილი წევრების სიაში გადაიყვანა,- შესაბამისი ინფორმაცია EQAR-ის ვებგვერდზეა განთავსებული. აქამდე ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა მარგიშვილიდან ისმოდა, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არ იყო და საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მას გაასაჩივრებდა, გასაჩივრდა თუ არა გადაწყვეტილება, ამ დროისთვის უცნობია.

"განათლების პოლიტიკის ცენტრის" დირექტორი გიორგი ჭანტურია, განათლების ცენტრის პოზიციას "აბსურდად" აფასებს და „კომერსანტთან“ ამბობს, რომ გადაწყვეტილება არა თუ საბოლოოა, არამედ ძალიან სწრაფად სრულდება კიდეც. ჭანტურია მიიჩნევს, რომ ქვეყნის პოლიტიკური კურსი, განათლების სფეროს პირდაპირ უკავშირდება და თუ  საქართველო ,,ევროკავშირთან" ურთიერთობებს არ მოაგვარებს, საერთაშორისო განათლების მიღება, უფრო და უფრო ნაკლები ქართველი სტუდენტისთვის იქნება შესაძლებელი. 

"ფაქტი, ცხადია, ძალიან სამწუხაროა და სერიოზული განაცხადია იმის, რომ ქართული განათლების სისტემა ევროპულ ქსელს შორდება. ყველა ის განცხადება, რასაც ხარისხის ცენტრის ხელმძღვანელებისგან მოვისმინეთ, სრულად აბსურდულია. ამბობდნენ, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდნენ, ასევე იმასაც, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არ არისო. ვხედავთ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია არის და პირიქით- დაჩქარებული წესით ხდება მისი აღსრულება. ზოგადად, განათლების სისტემა ქვეყნის პოლიტიკური განვითარების სისტემიდან ამოვარდნილი არ არის. ჩვენ რა ურთიერთობაც ევროპასთან და „ევროკავშირთან“ , შესაბამისად, ეს განათლების სისტემაზეცაა ასახული. ამის მაგალითი, ლიეტუვას შემთხვევაში უკვე ვნახეთ; სამომავლოდ შესაძლოა, სხვა ქვეყნებთანაც შემცირდეს მსგავსი შესაძლებლობები. შესაძლოა ვივარაუდოთ, კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების ან კონტინგენტის შემცირება - პირობითად, თუ 500 სტუდენტის ადგილი იყო საქართველოდან, შესაძლოა რაოდენობა განახევრდეს.

თუ ქვეყნის ამჟამინდელი კურსი არ შეიცვალა, ცხადია, ჩვენს სტუდენტებს საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა კიდევ უფრო შეუმცირდებათ. დიპლომის აღიარება მაინც მოხდება, თუმცა თუ ეს ადრე ძალიან მარტივი იყო, ახლა ბევრად რთული პროცედურების გავლა მოუწევთ სტუდენტებს, დროში გაწელვა აღიარების და დამატებით ხარჯებიც სავარაუდოა",- აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ "კომერსანტთან" ინტერვიუში.