27 აგვისტოს Black Sea Arena-ს ეზოში მდებარე Front Stage-ი ავსტრალიურ მუსიკალურ პროექტს, Empire of the Sun-ს უმასპინძლებს.
Black Sea Arena-ს ცნობით, ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ბმულზე.
„ბილეთის ფასი 180 ლარია, თუმცა Starring Georgia-ს მუსიკალური ოდისეის ლოიალურ თანამგზავრებს, მათ, ვინც უკვე ფლობს Starring Card-ს შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ. გარდა ამისა, ყველა მელომანს შეუძლია, ისარგებლოს შეთავაზებით „გადაანაწილე“ და ბილეთის თანხა ოთხად გადაანაწილოს.
საქართველოში პირველად მელომანებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, შეხვდნენ არტისტს პირისპირ, გადაიღონ მასთან ფოტო და მიიღონ სამახსოვრო საჩუქრები ხელმოწერით. ამისთვის არტისტის მიერ შემოთავაზებული ორი პაკეტედან ერთ-ერთის შეძენაა საჭირო. პაკეტების ფასი 670 და 1 100 ლარია, რადგან პაკეტი არტისტის მიერ არის შემუშავებული, მასზე არ მოქმედებს Starring Card-ის ფასდაკლება.
Luke Steele-სა და Nick Littlemore-ის მიერ შექმნილი დუეტი პირველად 2008 წელს სადებიუტო ალბომით, Walking on a Dream, გამოჩნდა და მსმენელთა გულები მაშინვე დაიპყრო. კომპოზიციები: Walking on a Dream და We Are the People მათი წარმატების მხოლოდ საწყისი იყო; თეატრალური წარმოდგენებითა და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის საინტერესო შეზავებით Empire of the Sun აქტუალურობას დღემდე არ კარგავს.
ჯგუფის წევრები სხვადასხვა დროს წარმატებული პროექტების, Pnau-სა და The Sleepy Jackson-ის უკანაც იდგნენ, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მათი დისკოგრაფია ელექტრონული მუსიკის, როკისა და ელექტროპოპის გავლენას განიცდის. სამი წარმატებული ალბომის შემდეგ Empire of the Sun შარშან ახალი სტუდიური ჩანაწერით, Ask That God-ით დაგვიბრუნდა და ევროპის ტურნეც დაიწყო. ძალიან გვიხარია, რომ ქართველ მსმენელთან ბენდის პირველი შეხვედრა Front Stage-ზე შედგება.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, Starring Georgia გრძელდება. უცვლელი რჩება ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანი: ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.