ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტს, ბესო შენგელიას ამბიციური ინიციატივა აქვს. მას თბილისში ,,მსოფლიო მშვიდობის ფორუმის’’ გამართვა და ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიო პოლიტიკური ლიდერების მოწვევა სურს. ბესო შენგელია ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს დედაქალაქში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მოიწვია და მისგან თანხმობა მიიღო. აცხადებს, რომ კომუნიკაცია აქვს ტრამპის პოლიტიკური გუნდის წევრთან და საარჩევნო შტაბის წარმომადგენელთან კიმბერლი ლოვესთან. ბესო შენგელიას თქმით, კიმბერლი ლოვემ დაადასტურა, რომ ტრამპს საქართველოში ჩამოსვლა და მშვიდობის ფორუმში მონაწილეობა სურს. ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტი, ქართულ მედიაში სატელევიზიო ეთერს ითხოვს, სადაც ტრამპის გუნდის წარმომადგენელი ღონისძიების დეტალებზე ისაუბრეს და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის.

„კონკრეტულად დონალდ ტრამპის გუნდთან კომუნიკაცია მოხდა ასე, მე დავუკავშირდი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლობას. თავიდან კომუნიკაცია ვერ შედგა. ბოლოს მოხდა ისე, რომ კონკრეტული პიროვნებები გამოვიდნენ ჩემთან კავშირზე. ერთ-ერთი იყო ქალბატონი კიმბერლი ლოვე. იქამდე განვითარდა კომუნიკაცია, რომ რამდენიმე საჯარო ინტერვიუც გააკეთეს ქართულ მედიაში, გაზეთებში ძირითადად. უკვე აქცენტი იმაზეა, რომ ქალბატონი კიმბერლი მზაობას აცხადებს, რომ დააფიქსიროს საჯაროდ, სატელევიზიო ეთერში. უკვე დადასტურებულად მაქვს, რომ როგორც კი ქართული ტელევიზიები შესთავაზებენ პირდაპირ ეთერს ან ჩანაწერს და დააფიქსირებს დეტალურ შეთავაზებას. კიმბერლი ამერიკაში სამშვიდობო მისიების მიმართულებით მუშაობს. კერძოდ კორეაში, ავღანეთში, ერაყში. ქალბატონი კიმბერლი არის სენატორობის კანდიდატი რესპუბლიკელების მხრიდან. არის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის გუნდის წევრი და ტრამპის უახლოესი მეგობარი პოლიტიკური წრის გარეთაც. მასთან ვარ უშუალოდ კომუნიკაციაში. არა მხოლოდ დამიდასტურა, რომ დონალდ ტრამპი ჩამოვა. მოხდა ჩვენი საქმიანი დაახლოება. მათ უკვე ჩემი სიმბოლური მოწვევა მიიღეს ნობელის მშვიდობის კანდიდატის სტატუსით და ეს მოწვევა გადაეცა ტრამპს.’’- აცხადებს ჩვენთან საუბარში ბესო შენგელია.

ბესო შენგელია აცხადებს, რომ ფორუმზე დასასწრებად თბილისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერებიც ჩამოვლენ. ამბობს, რომ კომუნიკაცია ჰქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან პედრო სანჩესთან და მისგან ფორუმზე დასწრება დადასტურებულია.

,,დამოუკიდებლად დავიწყე კომუნიკაცია საერთაშორისო დონეზე და გაჟღერება იმ ინიციატივის, რომ საქართველოში ჩატარდეს ეს ფორუმი. მივმართე ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს, ევროპის რამდენიმე სამეფო ოჯახს, დიდი რიცხვია. უკვე მიღებული მაქვს ოფიციალური პასუხები ესპანეთის პრემიერ-მინისტრისგან პედრო სანჩესისგან. დადასტურებულია, რომ ის თბილისში ჩამოვა. ასევე ჩამოვლენ ესპანეთის სამეფო ოჯახი, ბელგიის სამეფო ოჯახი, ავსტრიის პარლამენტიდან, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია და ძირითადი აქცენტი მაქვს დონალდ ტრამპის გუნდზე. მე ხაზს ვუსვამ, რომ ევროკავშირიდან კიდევ უფრო მეტი სტუმარი ჩამოვა. შეიძლება იყვნენ საფრანგეთიდანაც, გერმანიიდან. ეს საკითხი, რომ დაიძვრება უფრო კონკრეტული ნაბიჯებით, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა გარდაუვალი იქნება, ყველას მოუწევს. ეს არ იქნება, რომ ვიღაცას მოუნდეს და ვიღაცას არ მოუნდეს. უკლებლივ ყველას მოუწევს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.’’- აცხადებს ბესო შენგელია.

,,კომერსანტი“ დაინტერესდა, როდის იგეგმება ფორუმის ჩატარება და ვინ გაუწევს მას ორგანიზებას. ბესო შენგელია აცხადებს, რომ ჩამოყალიბდება საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც დონალდ ტრამპის გუნდს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს გააერთიანებს.

,,საორგანიზაციო ჯგუფი შეიქმნება დონალდ ტრამპის გუნდთან პარტნიორობით. ყველაზე მნიშვნელოვანია თარიღი და საორგანიზაციო საკითხები. ეს უკვე ისეთი მასშტაბური და დიდი საკითხია, სადაც საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდება პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლისგან, საქართველოს მთავრობისა და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, უკვე გადაწყდება თარიღი და კონკრეტული შეთავაზებები. მიახლოებითი პერიოდი, როდის ჩატარდება არის დაახლოებით შემდეგი წლის გაზაფხულის ბოლო თვეები. ეს არის საკითხი, სადაც დიდი ალბათობით ჩემი კომპეტენცია და ჩემი პრეროგატივა არ იქნება. აქ მნიშვნელოვანია, ვინ იქნება საორგანიზაციო კომიტეტში. რაც უკვე თვალნათელია, კომიტეტში იქნებიან გაეროს მშვიდობის ელჩები, ტრამპის გუნდის წარმომადგენელი ქალბატონი კიმბერლი, სავარაუდოდ პირადად იქნება ჩართული. ვინაიდან ლოკაცია იქნება საქართველო ანუ გარდაუვალი იქნება, რომ დიდი ალბათობით საქართველოს კონკრეტულ დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობა მოხდება საორგანიზაციო საკითხებში. ეს იქნება ან კულტურის სამინისტრო ან ტურიზმის ეროვნული სააგენტო. რაც შეეხება ფინანსებს, ზუსტად მაგაზე დადასტურებულად ქალბატონმა კიმბერლიმ მოიწერა, რომ დაგვეხმარებიან საორგანიზაციო საკითხებში, მსოფლიო ლიდერების მოწვევაში. სადაც არის საერთაშორისო მხარდაჭერა, დიდ ღონისძიებებში ძირითადი ფინანსური ნაკადი მოდის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან, ფონდებიდან და სასპონსორო ხელშეკრულებებით. ფინანსურ საკითხში პირდაპირი მნიშვნელობით იქნებიან საერთაშორისო ბანკები.’’- აცხადებს ბესო შენგელია.

ბესო შენგელიას ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა უკვე კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან ან რომელიმე სამთავრობო უწყებასთან? საპასუხოდ განაცხადა, რომ ახლა ცდილობს მისი ინიციატივის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მთავრობას, თუმცა კონტაქტი ვერ დაამყარა.

,,მთავრობასთან ახლაც ვერ ვარ წესიერ კონტაქტზე. ასე, რომ ვცდილობ ხმა რაღაცნაირად მივაწვდინო. ძირითადი აქცენტი არის იმაზე, რომ ნახევარ წელზე მეტია რაც ნობელის მშვიდობის სტატუსი დაზუსტდა და მაგ სტატუსმა მომცა შესაძლებლობა რომ, რა სახელებიც დავასახელე, მათთან კომუნიკაციას ვახერხებ. პირდაპირი მნიშვნელობით არ თაკილობენ მსგავსი სტატუსის ხალხი, რომ ჩემთან კომუნიკაციაში იყვნენ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია. მე მქონდა სურვილი, უბრალოდ არ ვიცი რატომ სრულყოფილი კომუნიკაცია ვერ განვითარდა ჯერ. ამიტომ არის, რომ ბოლო 5 თვის განმავლობაში საქართველოს ყველა ტელევიზიაში ვიყავი. ეს საკითხი მთავრობამდე მივა, ეს გარდაუვალი იქნება. ჩემი ინტერესია, რომ ეს ყველაფერი საქართველოში ჩატარდეს.’’- აცხადებს ბესო შენგელია.

ბესო შენგელია ,,კომერსანტთან’’ საუბარში განმარტავს, რომ მსოფლიო მშვიდობის ფორუმი 50 წელია აღარ ჩატარებულა. მისი თქმით, ღონისძიების ჩატარების იდეა მიზნად ისახავს კონკრეტული სამშვიდობო ინიციატივების გაჟღერებას. ბესო შენგელიას სურს, რომ ფორუმი ყოველწლიური გახდეს, რაც მისი თქმით გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფაში საქართველოს როლს გაზრდის.

,,ფორუმი თბილისში პირველად ტარდება. არა მარტო თბილისში. 50 წელიწადია არ ჩატარებულა. ფორუმის ჩატარების საკითხი დღის წესრიგში მე დავაყენე. ჩემს პროექტს ჰქვია კომპლექსური ეკონომიკური პროექტი, რომლის წრედის ბოლო რგოლი არის სამშვიდობო გლობალური ინიციატივა. მსჯელობა იქნება კონკრეტულად სამშვიდობო ინიციატივებზე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, ის რომ საქართველოში დაფუძნდეს ყოველწლიურად მოქმედი ინსტიტუცია, რომელიც ემსახურება მსოფლიო მშვიდობას. საბოლოო ჯამში, ეს ინსტიტუცია განავითარებს სხვადასხვა განხრებს. პარალელი რომ მოგიყვანოთ, როგორც ტარდება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, მსგავსად ჩატარდება. ეს ინსტიტუცია ბევრად უფრო ღირებულ შესაძლებლობებს ქმნის თვითონ ქვეყნისთვის ვიდრე ერთჯერადად ჩატარებული ღონისძიება.’’- აცხადებს ბესო შენგელია.

,,კომერსანტი'' დაუკავშირდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურს. მათ არც ფორუმთან დაკავშირებით და არც დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ასევე დავუკავშირდით საქართველოში აშშ-ის საელჩოს და მათგან პასუხს ველოდებით.