ბაზისბანკის მხარდაჭერით, რიგით მეორე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა ცენტრალური ბანკების, ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინტექ და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლები.

საერთაშორისო სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის, GFTN-ის ორგანიზებით ჩატარდა. წლევანდელი სამიტის მთავარი თემა იყო „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“.

ორდღიანი ღონისძიება თემატურ სესიებს, პანელურ დისკუსიებს, სამუშაო და პროფესიულ შეხვედრებს დაეთმო. მონაწილეებმა განიხილეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, საბანკო სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები, ციფრული ტექნოლოგიების როლი ფინანსურ ინკლუზიურობაში და რეგიონული ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები.

„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „საბანკო დიალოგი: საქართველოს საბანკო სექტორი - ლიდერობა, სტრატეგია და 2027 წლის პერსპექტივები“ მონაწილეობა მიიღო ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა ვახტანგ ბაბუნაშვილმა. დისკუსიის მთავარი თემები იყო საქართველოს საბანკო სექტორის კონკურენტუნარიანობა, საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების შესაძლებლობები, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და საბანკო სექტორისა და მარეგულირებლის თანამშრომლობა.

წლევანდელ სამიტში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტმა წარმომადგენელმა და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერმა მიიღო მონაწილეობა.

„მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკი თბილისის ფინანსური სამიტის მხარდამჭერია. მსგავსი მასშტაბური პლატფორმები უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ბიზნესისა და ექსპერტებისთვის, რომ ერთობლივად იმსჯელონ სექტორის განვითარების პერსპექტივებზე, ინოვაციებზე და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე. ბაზისბანკისთვის, როგორც ბაზარზე ერთ-ერთი მძლავრი ფინანსური ჯგუფისთვის, პრიორიტეტულია ყველა იმ ინიციატივის მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი კონკურენციის ზრდას, ბიზნესის სტიმულირებას და საბანკო ეკოსისტემის განვითარებას.“ - ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.

 

 

ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ

2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-ზე მეტი ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

2026 წლის 9 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12.4 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.4 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 9 თვის წმინდა მოგებამ 178.6 მილიონი ლარი შეადგინა.