რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა. თბილისის მერიასა და პროექტის კონტრაქტორ კომპანია „სმარტ სოლუშენსს“ შორის 30 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ცვლილებით, სამუშაოების შესრულების ვადა 100-დან 130 კალენდარულ დღემდე გაიზარდა. მიზეზად მითითებულია "რიგი გაუთვალისწინებელი მოვლენები და ნალექები". გახანგრძლივება შეეხო რეაბილიტაციის სამივე მონაკვეთს.
30 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულების ცვლილებაში ვადის გახანგრძლივების მიზეზად კომპანია რამდენიმე გარემოებას ასახელებს. მათ შორისაა სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილი გაუთვალისწინებელი ფაქტორები, რომლებმაც საპროექტო გადაწყვეტილებების შეცვლისა და სამუშაოების მოცულობის გაზრდის აუცილებლობა წარმოშვა. დოკუმენტის მიხედვით, სამუშაო პროცესს ასევე აფერხებდა სხვადასხვა კომუნიკაციის კომპანიის მიერ საკუთარ ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„სამუშაოების წარმოების პროცესში გამოვლინდა რიგი გაუთვალისწინებელი ფაქტორები, რამაც წარმოქმნა საპროექტო გადაწყვეტებში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა და გაზარდა შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობები; საპროექტო ობიექტზე საკუთარი ქსელების რეაბილიტაციას ახორციელებდა არაერთი კომუნიკაციის კომპანია, რაც შპს „სმარტ სოლუშენსს“ უზღუდავდა ერთიანი სამუშაო ფრონტის არსებობას და წარმოადგენდა მნიშვნელოვან შემაფერხებელ გარემოებას“, - ნათქვამია ხელშეკრულების ცვლილებაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია უამინდობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 აგვისტოდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში 29 ნალექიანი დღე დაფიქსირდა. მხარეების შეფასებით, უამინდობა სამუშაოების შესრულებას ზღუდავდა არა მხოლოდ ნალექიან დღეებში, არამედ მომდევნო დღეებშიც.
ვრცლად: bm.ge