2025 წელს თბილისში, დაახლოებით, 42 300 ბინა გაიყიდა, რომელთა ჯამური ღირებულება 3.5 მლრდ დოლარი იყო, - ამის შესახებ Galt & TaggarT-ის ასოცირებულმა მკვლევარმა ზუკა თავყელიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, წლიურად, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

"2025 წელი დეველოპერული სექტორისთვის ძალიან საინტერესო და ცვალებადი წელი იყო და მიუხედავად სუსტი დასაწყისისა, წელი საკმაოდ სოლიდური მაჩვენებლებით დასრულდა. პირველი 4 თვე საკმაოდ რთული იყო, რაც ქვეყნის შიგნით არსებულ არასტაბილურობას უკავშირდებოდა, თუმცა მაისიდან ჩვენ უკვე ვიხილეთ მოთხოვნის აღდგენის პირველი ნიშნები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხულიდან გაყიდვებმა აღდგენა უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წლის მეორე ნახევარი ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე პირველი. 2025 წელი როგორც პირველადმა, ისე მეორადმა ბაზარმა ზრდით დაასრულა", - აცხადებს ზუკა თავყელიშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ ყველაზე პოპულარული ბინები თბილისში  70-დან 80 კვ.მ-მდეა, რადგან ამ ფართობის ბინები უფრო ხელმისაწვდომი, მარტივად გაქირავებადი და უფრო მეტად ლიკვიდურია.

ზუკა თავყელიშვილმა ასევე, ბათუმის დეველოპერულ ბაზარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის თბილისთან შედარებით ხასიათობრივად განსხვავებულია და მყიდველთა დიდი წილი - დაახლოებით, 50-60% უცხოელებზე მოდის. 

bp.ge