ფინანსური დანაშაულისთვის მსჯავრდადებულ პირს, სასჯელის მოხდის მიუხედავად, ზარალის ანაზღაურებამდე ქვეყნის დატოვება აეკრძალება. შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შედის. ინიციატივის მიხედვით ასევე, მარტივდება დაზარალებული პირისთვის ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი რეგულაციები. ქონების ამოღება არა მარტო მსჯავრდადებულის, არამედ მისი ოჯახის წევრებისა და მასთან დაკავშირებული პირებისგან გახდება შესაძლებელი.

ინიციატივის ამ ნაწილზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ: ,,დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მარტივდება მსჯავრდადებულის და მისი ოჯახის წევრების, ასევე დაკავშირებული პირებისგან ქონების, მატერიალური რესურსების ამოღება. თუ ადამიანი ჩაიდენს ეკონომიკურ, ფინანსურ დანაშაულს და კონკრეტულ მეორე ადამიანს ზიანს მიაყენებს, მარტივდება დამნაშავისგან, მისი ოჯახის წევრებისგან, ასევე დაკავშირებული პირებისგან ქონების, თანხის ამოღება“, — განაცხადა მან.

,,კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება ინიციატივა საქართველოს უზენაეს კანონს და მოდის თუ არა ის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში. საკითხზე კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილს ვესაუბრეთ. ის აცხადებს, რომ ინიციატივის ეს ნაწილი საკამათოა, რადგან სრულწლოვანი პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ დანაშაულზე, რომელიც მას არ ჩაუდენია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან კონფლიქტი მოდის. ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შესაძლოა დაეკისროს პირს, რომლის არასრულწლოვანმა შვილმაც ჩაიდინა დანაშაული, თუმცა იგივე ნორმის სრულწლოვან პირზე (ოჯახის წევრზე თუ კავშირში მყოფ პირზე) გავრცელება სამართლის მოქმედ პრინციპებსა და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

,,ეს ძალიან საკამათოა, რადგან სისხლის სამართლის კოდექსში მოქმედებს პრინციპი და ზოგადად მოქმედებს საერთაშორისო პრინციპი, რაც ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს. სხვისთვის (მხედველობაში მაქვს ოჯახის სრულწლოვანი წევრი იქნება თუ დაკავშირებული პირი) პასუხისმგებლობის, სანქციის გავრცელება იმ ქმედებისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია და შესაბამისად, პასუხისმგებელი არ არის, ძალიან საკამათოა. ერთადერთი გამონაკლისია არასრულწლოვანის საკითხი. ეს საკონსტიტუციო სასამართლოში მსჯელობის საგანიც იყო. როდესაც არასრულწლოვანი შვილის მიერ მიყენებულ ზიანზე არის საუბარი და პასუხისმგებლობა მშობელს ეკისრებოდა. ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია მშობლები ანაზღაურებენ ზარალს, მაგრამ ისინი სისხლის სამართლებრივი წესით უფლება შეზღუდულები არ არიან და შესაბამისად, მათ მიმართ კრიმინალური იუსტიცია არ წარმოებს. სრულწლოვანებთან დაკავშირებით ამდაგვარი რეგულაციის შემოღება ბუნებრივია უფრო მაღალ სტანდარტს მოითხოვს. შესაბამისად, საფრთხე იმისა, რომ სასჯელი გავრცელდეს ყველაზე მაღალია. ოჯახის სრულწლოვანი წევრისთვის პასუხისმგებლობის დაწესება იმ ქმედებისთვის, რომელიც არ ჩაუდენია საკამათოა. შესაძლოა პირიქით ემიჯნებოდეს კიდეც ოჯახის წევრი ჩადენილ დანაშაულს. საკამათოა კონსტიტუციურ სტანდარტთან. დასჯის სამართალში ასეთი პრინციპია, რომ ქმედების ჩამდენი არის პასუხისმგებელი. ეს გამომდინარეობს როგორც კონსტიტუციური პრინციპიდან ასევე ადამიანის ძირითადი უფლებების სამართალში მოქმედი პრინციპებიდან.’’- განმარტავს ლევან ალაფიშვილი.

კონსტიტუციონალისტს ვკითხეთ, ინიციატივის იმ ნაწილზეც, რომელიც სასჯელის მოხდის შემთხვევაშიც პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ ეს საერთაშორისოდ მიღებული ნორმაა და სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მიდგომები და შეზღუდვები მოქმედებს. კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სასჯელის ინტენსივობა არ უნდა იყოს გადაჭარბებული. მისივე თქმით, რაიმე სასჯელის განუსაზღვრელი ვადით დაწესება შესაძლოა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებთან კონფლიქტში მოვიდეს.

,,ინიციატორებმა ამ შემთხვევაში მიზნად დაისახეს დაზარალებული მხარის ინტერესების დაბალანსება კანონიერი გზით. შესაბამისად, უცხო სულაც არ არის ამგვარი რეგულაცია. ერთია უბრალოდ, რომ სასჯელის ინტენსივობა არ უნდა იყოს გადაჭარბებული. შესაბამისად, წინასწარ განუსაზღვრელი ვადით რაიმე შეზღუდვის დაწესება, (უვადოდ სასჯელის დაწესება) შესაძლოა კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებების სამართალთან კონფლიქტში იყოს და საკამათო თემა იყოს, თუმცა რეალურად ამდაგვარი არსის, რომ დაზარალებული არ დარჩეს უფლება შელახული, არსებობს სხვადასხვა ფორმით. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სასჯელია. ინტენსივობა აჩენს კითხვის ნიშნებს, თუმცა დაზარალებულის ინტერესების დაცვისთვის, მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ამდაგვარი კანონის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს. ყველა შემთხვევაში მიზანი ერთია - დაზარალებულის ინტერესების უზრუნველყოფა.’’- განმარტავს ლევან ალაფიშვილი.