კულტურის სამინისტრო თეა წულუკიანის ბრძანებით კონსერვატორიის რექტორის არჩევნების გაუქმებას მიესალმება. შესაბამისი განცხადება სამინისტროს ოფიციალურ „ფეისბუკ“ გვერდზე გამოქვეყნდა. 

„კულტურის სამინისტრო მიესალმება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის გადაწყვეტილებას რექტორის არჩევნების პროცედურის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა.

სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რისთვისაც ვადად განისაზღვრა ხუთი სამუშაო დღე.

სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ხარვეზი აღმოიფხვრება, რის შემდეგაც კონსერვატორია შეძლებს, რექტორის არჩევნები, კანონით დადგენილი პროცედურის მიხედვით, შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩაატაროს.

უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ვადა არ იწურება მიმდინარე წლის 21 ოქტომბრამდე, რაც კონსერვატორიის უწყვეტად ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პირობაა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.