24 თებერვალს უკრაინაში მიმდინარე სასტიკ და დაუნდობელ ომს 1 წელი შეუსრულდა. მსუბუქი გასეირნება, რომელიც დაიგეგმა კრემლში, და რომელიც უნდა დასრულებულიყო 1-2 კვირაში, გადაიზარდა ხანგრძლივ სისხლისმღვრელ დაპირისპირებაში.

ომი, რომელსაც ჩვენ ამჟამად თვალს ვადევნებთ - უნიკალურია, და მას უახლოეს ასწლეულებში პრეცედენტი არ გააჩნია. იყო ბევრი  უფრო სასტიკი ომი, ვიდრე დღევანდელი, უფრო დაუნდობელიც და უფრო მასშტაბურიც. იყო ომები, სადაც ბევრად მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე დღეს უკრაინაში იღუპება. თუმცა, ასეთი - არც ერთი  ყოფილა.

მთავარი განმასხვავებელი ნიშანი - ომის მოტივებია. ოდითგანვე ადამიანები ხოცავდნენ ერთმანეთს მიწების, სიმდიდრის, ოქროს, ბუნებრივი რესურსების, სტრატეგიული მდებარეობისა და სხვა ათასგვარი მიზეზის გამო. რაც მთავარია - ყველა ომში მიზნები იყო გასაგები, ნათელი და პრაქტიკული თვალსაზრისით, ხელშესახები.

უკრაინა ალბათ ერთადერთი შემთხვევაა კაცობრიობის ისტორიაში თუ არა, ბოლო 200-300 წლის განმავლობაში მაინც, როდესაც ომს არ გააჩნია არანაირი რეალური, მარტივად გასაგები მიზეზი.

რუსეთს არ სჭირდება უკრაინის მიწა და ბუნებრივი რესურსები - თავისი აქვს იმდენი, რომ არ იცის რა უყოს. ასობით ათასი კვადრატული კილომეტრი აუთვისებელია, და ეს არა მხოლოდ ციმბირში.

ასევე, უკრაინა რუსეთისთვის არ წარმოადგენს  არანაირ საფრთხეს სამხედრო თუ რაიმე სხვა თვალსაზრისით - უკრაინული სახელმწიფო საკმაოდ სუსტია, ხოლო უკრაინული საზოგადოება საკმარისად პოლარიზებული იმისთვის, რომ ომის დაწყებას უბრალოდ თავი მოაბას - სურვილიც რომ ჰქონდეს.

შვიდობიანი უკრაინა ხომ მუდმივად ბალანსირებს ანარქიის ზღვარზე, ეს კი ომის დასაწყებად შესაფერისი მდგომარეობა არაა.

ასევე, არანაირ პრობლემას რუსეთისთვის არ წარმოადგენს კიევის ჰიპოთეტური შესვლა ნატოში, სადაც მას არავინ  მიიღებდა უახლოესი 200 წელი. თანაც, ამ ომმა კიდევ ერთხელ ცხადყო ის, რაც აქამდეც ნათელი იყო - ალიანსს არ გააჩნია არანაირი აგრესიული გეგმები რუსეთის წინააღმდეგ, მეტიც, ის დღესაც კი, ყველანაირად ცდილობს რუსეთთან კონფლიქტის თავიდან არიდებას.

ომს სხვა,  ბევრად უფრო საშინელი მიზეზი ჰქონდა, და ეს ისაა, რისი გაგებაც არ სურთ ქართველ რუსეთუმეებს - რუსეთის მოსახლეობის 85%, მათ შორის პოლიტიკური ელიტა და პირადად პუტინი არ აღიარებენ უკრაინელი ერის არსებობის ფაქტს.

დღეს ამას არავინ არც მალავს - ამ დღეებში ვლადიმერ პუტინმა უკრაინა მოიხსენია, როგორ „უკრაინად წოდებული ისტორიული რუსული მიწები“.  აგრესიის მიზანი იყო არა „ნატოში უკრაინის შესვლის თავიდან არიდება“ არამედ უკრაინელი ხალხის იდენტობის შეცვლა.

რუსები არ ცნობენ უკრაინელი ერის არსებობას. მათი იდეოლოგიით, უკრაინელი - იგივე რუსია, გარკვეული თავისებურებებით - აი როგორც მეგრელი არის ქართველი - თავისი სპეციფიკით, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ქართველი. სწორედ ასე აღიქვამენ რუსები უკრაინელებს - მხიარული ხალხი, სახალისო დიალექტით, ლორისადმი ფანატიკური სიყვარულით და მოჩუქურთმებულ პერანგებში გამოწყობილი. ერთგვარი ხალხი-ფოლკლორული პერსონაჟი, სამუზეუმო ექსპონატი, მაგრამ - ცალსახად - რუსი.

ამ მიდგომის ნათელი დადასტურება იყო გენოციდი ბუჩაში. ბევრს მიაჩნია, რომ სასაკლაო ამ პატარა ქალაქში  რუსი ჯარისკაცები ფსიქიკური აშლილობის და მანიაკალური მიდრეკილებების შედეგი იყო. რა თქმა უნდა, არც უამისობაა, თუმცა, საბოლოო ჯამში ბუჩა იყო სწორედაც რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკის გამოვლინება.

როდესაც გაქვთ საქმე 40-მილიონიან ერთან და აპირებთ მისი იდენტობის შეცვლას - ეს საკმაოდ რთული ამოცანაა - ძალიან ძნელია ცოცხალ ადამიანს შეუძვრე თავში და მისი აზროვნება გადააფორმატო. როგორ უნდა მოახერხო ამ თითქმის შეუძლებელი მისიის შესრულება?

სწორედ ამ კითხვაზე პასუხობს ბუჩა - უნდა დახოცო ყველა აქტივისტი, ყველა, ვისაც აქვს პოზიცია, ვისაც შეუძლია დამოუკიდებელი აზროვნება, და ვინც არის უკრაინელობის იდეის მატარებელი. ამოწყვიტეთ ელიტა, მოაზროვნე ადამიანები, დატოვეთ ბაზრის მოვაჭრეები და ენაწყლიანი ტაქსისტები - და ერის მომავალი თქვენს ხელშია.

რუსეთმა უკრაინას არჩევანი არ დაუტოვა - ის არჩევანი, რომელიც არსებობს საქართველოში, უთავმოყვარეო და ღირსებაწაშლილი "ქართული ოცნების"  მხარდამჭერების წარმოსახვაში - „შესაძლებელი იყო მოლაპარაკებების გზით ომის თავიდან არიდება“.

 „ქართულ ოცნებას“ აქვს მშვიდობის შენარჩუნების ერთადერთი ფორმულა - დანებება. თუმცა, როგორც უკვე ითქვა, უკრაინას ეს არჩევანიც კი არ ჰქონდა - მისთვის დანებება ნიშნავდა არა მშვიდობის შენარჩუნებას, არამედ ქვეყნის ტერიტორიის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საზარელი სოციალური ექსპერიმენტის - 40-მილიონიანი ერის იდენტურობის შეცლის მცდელობის- პოლიგონად ქცევა.

რომელი თავმოყვარე ერი დათანხმდებოდა ამას? დღევანდელი საქართველო არ ითვლება. მეტი კი, ალბათ არავინ.

უკრაინა ომობს არა ნატოს ან ევროკავშირისთვის. ეს ყველაფერ მეორეხარისხოვანია. პირველ რიგში - ის იბრძვის თვითგადარჩენისთვის...