საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი წმინდა სინოდიდან უნდა აირჩეს.
წმინდა სინოდში 39 წევრია.
საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქი შეიძლება გახდეს სინოდის წევრი, რომელიც არის 40 წელზე მეტი ხნის, მაგრამ არაუმეტეს 70 წლისა.
სინოდის 39 წევრიდან 9 წევრი 70 წელზე მეტი ხნის ასაკისაა.
70 წელზე ნაკლები ასაკის ყველა მღვდელმთავარს აქვს შანსი გახდეს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები
საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, რომელიც მიღებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ 1995 წლის 18-19 სექტემბერს, დადგენილია პატრიარქის არჩევის წესი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ეროვნებით უნდა იყოს ქართველი;
უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი;
უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება;
ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა;
უნდა იყოს ბერი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება.
კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.
იმ შემთხვევაში, როცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე დადგენილი არ არის, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი ავტომატურად ხდება მოსაყდრე.
საქართველოს შემთხვევაში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიცოცხლეშივე დაადგინა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები
პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმინდა სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად.
წმინდა სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 კანდიდატს.
სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის თავისი თავიც.
სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრიან გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატები.
გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს აქვს უფლება გამოთქვას აზრი კანდიდატთა შესახებ.
კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მღვდელმთავრები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში მიიღებს ხმათა უმრავლესობას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრება (ინტრონიზაცია) ხდება მცხეთის სვეტიცხოვლის წმინდა ათორმეტთა მოციქულთა სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად ხდება სამუდამოდ (კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებამდე).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II 17 მარტს გარდაიცვალა.
წმინდა სინოდში მყოფი ყველა მიტროპოლიტი ილია მეორის ხელდასხმულია.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები
39 მღვდელმთავარიდან კათოლიკოს-პატრიარქმა თავის სიცოცხლეში 4 მიტროპოლიტი გამოარჩია და მათ საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება უბოძა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სკუფიაზე ბრილიანტის ჯვარი 2008 წელს უბოძა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს;
2010 წელს – ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელს;
2017 წელს – ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას;
2018 წელს – სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები