ჩატბოტები, ჰალუცინაციური შემთხვევების გარდა, უაღრესად სასარგებლო ინსტრუმენტებია იდეების გენერირებისა და ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად. ამის ფონზე, სამწუხაროდ, ტექნოლოგიური გიგანტები, მათ შორის OpenAI, Google და Meta, მომხმარებელთა კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვით ნამდვილად არ გამოირჩევიან. შესაბამისად, მომხმარებლებს უწევთ, ბრმად ენდონ კორპორაციებს და დაიჯერონ, რომ მათი მოთხოვნების ისტორია რეკლამირებისა თუ ციფრული პროფილების შესაქმნელად არ იქნება გამოყენებული. თუმცა, მათთვის, ვისაც საკუთარი მონაცემების ტექნოლოგიური გიგანტებისთვის გაზიარება არ სურს, ხელოვნურ ინტელექტზე უარის თქმა აუცილებელი სულაც არ არის. ბაზარზე არსებული შედარებით მცირე მოთამაშის, Duck.ai-ს ტესტირება და პრაქტიკული გამოყენება აჩვენებს, რომ ის მსხვილი პლატფორმების სრულფასოვანი ალტერნატივაა, რომელიც ერთდროულად მძლავრ ენობრივ მოდელებზე წვდომასაც უზრუნველყოფს და მომხმარებლის პირად მონაცემებსაც საიმედოდ იცავს.
DuckDuckGo 2008 წელს დაარსდა და ის კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული საძიებო სისტემითაა ცნობილი. Google-ისგან განსხვავებით, ის არ ინახავს ძიების ისტორიას და არ ქმნის მომხმარებლის ონლაინ აქტივობის პროფილს. სწორედ ამიტომ, Apple-იც კი, რომელიც ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უსაფრთხოებას, Safari-ს ბრაუზერში მომხმარებლებს მის ნაგულისხმევ საძიებო სისტემად არჩევის საშუალებას აძლევს.
რამდენიმე წლის წინ კომპანია AI ჩატბოტების ბაზარზე შევიდა და Duck.ai წარადგინა. ის პოპულარული ალტერნატივებისგან ორი მთავარი მახასიათებლით განსხვავდება. პირველ რიგში, მას საკუთარი ენობრივი მოდელი არ გააჩნია და ფაქტობრივად, აგრეგატორის ფუნქციას ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ინტერფეისი საკმაოდ ნაცნობია – ტექსტის შესაყვანი ველით ცენტრში და ისტორიის პანელით მარცხნივ – სპეციალური მენიუდან მომხმარებელს სხვადასხვა მოდელის არჩევა თავად შეუძლია. უფასო ვერსიაში ხელმისაწვდომია 6 მოდელი, მათ შორის OpenAI-ს GPT-4o mini და GPT-5 mini, Meta-ს Llama 4 Scout და Anthropic-ის Claude Haiku 4.5. DuckDuckGo-ს VPN სერვისის გამომწერებისთვის, რაც თვეში 9.99 ან წელიწადში 99 დოლარი ჯდება, დამატებით 5 მოდელი იხსნება. მათ შორისაა OpenAI-ს GPT-4o, GPT-5.2 და GPT-5.2 Thinking, ასევე Anthropic-ის Claude Sonnet 4.5 და Meta-ს Llama 4 Maverick. სხვადასხვა პლატფორმას შორის გადართვის გარეშე ერთ სივრცეში მუშაობის სიმარტივე და ერთიანი ისტორიის წარმოება უკვე საკმარისი მიზეზია ამ ინსტრუმენტის დასაფასებლად.
თუმცა, Duck.ai-ს მთავარი უპირატესობა მაინც უსაფრთხოებაა. მაშინაც კი, როცა მომხმარებელი OpenAI-ს მოდელებს იყენებს, კომპანიამ არასოდეს იცის მოთხოვნის რეალური ავტორის ვინაობა, თუ, რა თქმა უნდა, ადამიანი უშუალოდ ტექსტში არ გასცემს საკუთარ თავს. DuckDuckGo მოთხოვნის გაგზავნამდე შლის ყველა მეტამონაცემს, მათ შორის IP მისამართს, რაც მსხვილი კორპორაციებისთვის თრექინგის მთავარი იარაღია. მეტიც, კომპანია მომხმარებლის მონაცემებს არ იყენებს საკუთარი AI-ის გასაწვრთნელად და მოდელების პროვაიდერებთანაც მკაცრი შეთანხმება აქვს გაფორმებული. ამ შეთანხმების მიხედვით, პროვაიდერებს ეკრძალებათ მონაცემების ტრენინგისთვის გამოყენება და ვალდებულნი არიან, ანონიმური მოთხოვნები 30 დღეში წაშალონ.
მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა ჩატის ისტორიის შენახვას უკავშირდება. ტრადიციული ჩატბოტებისგან განსხვავებით, სადაც ისტორიის შესანახად ანგარიშის შექმნა და პერსონალური მონაცემების გაზიარებაა აუცილებელი, Duck.ai სრულიად ანონიმურ მომხმარებლებსაც აძლევს ისტორიის წარმოების საშუალებას. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩატები ინახება არა სერვერებზე, არამედ ლოკალურად – უშუალოდ მომხმარებლის მოწყობილობაზე. სურვილის შემთხვევაში, ლოკალური შენახვის გათიშვა, ან სპეციალური ღილაკით ისტორიის კომპიუტერიდან მომენტალურად და სამუდამოდ წაშლაც ძალიან მარტივია.
რაც შეეხება ნაკლოვანებებს, პრაქტიკული ტესტირება აჩვენებს, რომ მსუბუქი ძიებისა და ყოველდღიური ამოცანებისთვის პლატფორმა იდეალურია, თუმცა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც უახლესი და ყველაზე მძლავრი მოდელები სჭირდებათ, ის შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩნდეს. უფასო მოდელები ინდუსტრიის სტანდარტებით უკვე ოდნავ მოძველებულია, რადგან მაგალითად, GPT-4o თითქმის ორი წლის წინ გამოვიდა. ფასიანი ვერსიით ხელმისაწვდომი GPT-5.2-იც კი უკვე საგრძნობლად ჩამოუვარდება უახლეს GPT-5.3-სა და GPT-5.4-ს. დამატებით, აგრეგატორში არ არის ინტეგრირებული ისეთი პოპულარული სისტემები, როგორებიცაა Perplexity, DeepSeek და Google Gemini. მიუხედავად ამ მცირე შეზღუდვებისა, მათთვის, ვისთვისაც კონფიდენციალურობა მთავარი პრიორიტეტია და სტანდარტული, მძლავრი ენობრივი მოდელები აკმაყოფილებს, Duck.ai დღესდღეობით ერთ-ერთ საუკეთესო და უსაფრთხო ალტერნატივას წარმოადგენს.
წყარო: Fastcompany, www.marketer.ge