ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ აქვეყნებს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა.

დოკუმენტი ცხადყოფს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივების დოკუმენტს - 14024-ე აღმასრულებელი ბრძანებით დადგენილი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას რუსეთის წინააღმდეგ,  ხელი 4 მარტს მოაწერა.

ტრამპის მიერ კონგრესისადმი გაგზავნილ ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამია:

"რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ განხორციელებული განსაზღვრული მავნე საგარეო ქმედებები კერძოდ, მცდელობები, ძირი გამოუთხაროს თავისუფალი და სამართლიანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებში; ჩაერთოს და ხელი შეუწყოს კიბერ-საქმიანობას ამერიკის შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ; წაახალისოს და გამოიყენოს ტრანსნაციონალური კორუფცია უცხო ქვეყნების მთავრობებზე ზეგავლენის მოსახდენად; განახორციელოს ექსტრატერიტორიული საქმიანობა, რომელიც მიმართულია დისიდენტებისა თუ ჟურნალისტების წინააღმდეგ; შელახოს უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ქვეყნებსა და რეგიონებში; და დაარღვიოს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები, მათ შორის სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა  კვლავაც წარმოადგენს არაორდინალურ და განსაკუთრებულ საფრთხეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისათვის.

შესაბამისად, მე დავადგინე, რომ აუცილებელია გაგრძელდეს 14024-ე აღმასრულებელი ბრძანებით გამოცხადებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობა რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ განხორციელებულ განსაზღვრულ მავნე საგარეო ქმედებებთან დაკავშირებით" - ნათქვამია ტრამპის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში

14024-ე აღმასრულებელი ბრძანება ის მთავარი სამართლებრივი დოკუმენტია, რომლის საფუძველზეც აშშ-მა რუსეთს ყველაზე მკაცრი ეკონომიკური სანქციები.

საუბარია, 2021 წლის 15 აპრილს მიღებულ აღმასრულებელ განკარგულება 14024-ზე, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირების მიზნით გამოაცხადა.

აღნიშნული ბრძანება შეეხებოდა რუსეთის ქმედებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

formulanews.ge