მთავრობამ ონკოპაციენტებისთვის ახალი თაობის მედიკამენტების შესასყიდად შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანია Roche-სთან $17-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. სახელმწიფო შესყიდვევის სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, კონტრაქტი 2028 წლის იანვრის ჩათვლით იქნება მოქმედი და მის ფარგლებში საქართველო სხვადასხვა მედიკამენტს მიიღებს.
საქართველოს მთავრობამ Roche-სთან აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პირველი ხელშეკრულება 2023 წელს გააფორმა, მსგავსი კონტრაქტი არის მოქმედი Novartis-თანაც. 2023-2025 წლებში პროექტის ფარგლებში 163 მილიონი ლარი არის გადახდილი.
"ონკოლოგიური პაციენტების მსოფლიოში აღიარებული სტანდარტული მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდისა და კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების, ამავე დროს ფინანსური რესურსების დაზოგვისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვის მიზნით, ცენტრალიზებული შესყიდვის მოდელის ფარგლებში, 2023 წელს შეირჩა ორი კომპანია F.Hoffmann-La Roche Ltd და Novartis Pharma Services AG-სთან , რომელთა წარმოებულ პრეპარატებზე მოდიოდა ონკოლოგიურ მედიკამენტებზე პროგრამული დანახარჯის ყველაზე დიდი წილი, გამოყენებული იქნა გამარტივებული შესყიდვის მექანიზმი, რის შედეგადაც სპეციალური ფასებისა და პირობების საფუძველზე 2023 წლის 22 ნოემბერს და 22 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში შესყიდული იქნა სულ 21 დასახელების მედიკამენტი, მათ შორის ინოვაციური პრეპარატები, რომლებიც გამორჩეულად ეფექტიანია ონკოლოგიური პათოლოგიების მკურნალობაში და არა ინოვაციური მედიკამენტები. შესყიდული მედიკამენტებით განხორციელდა პაციენტების უზრუნველყოფა 2024-2025 წლებში,"- ნათქვამია პროექტის აღწერაში.
2023 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ამ დრომდე Roche-სთვის 105 მილიონი ლარი, Novartis-ისთვის კი 58 მილიონი ლარი არის გადახდილი.