ბუასილი მხოლოდ დისკომფორტი არ არის - უყურადღებოდ დატოვებულმა ჰემოროიდულმა დაავადებამ შესაძლოა მძიმე გართულებებამდე მიგვიყვანოს.


ჰემოროიდული კომპლექსი ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიური ნაწილია, თუმცა პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში ის დაავადების სახეს იღებს და სერიოზულ გართულებებს იწვევს.


რატომ „გაახალგაზრდავდა“ ბუასილი, რა სიმპტომები არ უნდა დავაიგნორიროთ და რამდენად საშიშია თვითმკურნალობა - ამ კითხვებით „ნიუ ჰოსპიტალსის“ ქირურგს, პროქტოლოგ მამუკა გრიგალაშვილს მივმართეთ:

  • ●რა არის ბუასილი და რა ფუნქცია აქვს ჰემოროიდულ კომპლექსს ჩვენს ორგანიზმში?
    ბუასილი, იგივე ჰემოროიდული კომპლექსი, ეს არის არტერიებისა და ვენების შეერთების ადგილი ანალურ არხში. ბუასილი ხელს უწყობს აირებისა და თხიერი განავლოვანი მასების შეკავებას სწ. ნაწლავში.

  • ●როგორ გარდაიქმნება ჰემოროიდული კომპლექსი დაავადებად?
    ბუასილში პათოლოგიური პროცესების განვითარების ხარჯზე ხდება მისი მოცულობაში მატება, ჰემოროიდული კვანძები იწყებს გარეთ გამოვარდნას. გათხელებული კედლებიდან ადგილი აქვს სისხლის გამოჟონვას. ბუასილი იღებს დაავადების სახეს.

  • ●როგორია ჰემოროიდული დაავადების სიმპტომები?
    ეს სიმპტომებია: სისხლიანი გამონადენი წვეთების ან ნაკადის სახით, დისკომფორტი, ტკივილი, ქავილი და წვა უკანა ტანის არეში, სიმძიმისა და უცხო სხეულის შეგრძნება, კვანძების გამოვარდნა, გამონადენი ლორწოს სახით, ანალური სფინქტერის უკმარისობა, უნებლიე დეფეკაცია.

  • ●რამდენად საშიშია ბუასილი და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს?
    ყველა დაავადება, თუ დროულად არ იქნა გამოვლენილი, სიცოცხლისთვის სახიფათოა, ამ მხრივ არც ბუასილია გამონაკლისი. ჰემოროიდული დაავადების შესაძლო გართულებებია: სისხლდენა, მეორადი ანემია, თრომბოზი, თრომბირებული კვანძის დანეკროზება, დაჩირქება, ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა.

  • ●რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტის დროული ვიზიტი ექიმთან?
    აუცილებელია პაციენტმა უკანა ტანის არეში წარმოქმნილი ჩივილებისას დროულად მიაკითხოს ექიმს, ვინაიდან უკანა ტანის არეში არის სხვა დაავადებებიც (ანალური ნაპრალი, აბსცესი, სიმსივნე და ა.შ.), რომელთა სიმპტომები რაღაც ეტაპზე ემთხვევა ბუასილის სიმპტომებს. საჭიროა დაავადებების სწრაფი დიფერენცირება და მიზანმიმართული მკურნალობის დანიშვნა. ჩემს პრაქტიკაში ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც პაციენტი იტარებდა ბუასილის საწინააღმდეგო თვითმკურნალობას, რეალურად კი ადგილი ჰქონდა სხვა დაავადებას - პარაპროქტიტს (ნაწლავის გვერდზე არსებული ქსოვილების დაჩირქება). ასეთი არასწორი მიდგომები (ექიმთან არადროული ვიზიტი, თვითმკურნალობა) სახიფათოა სიცოცხლისთვის და მოითხოვს გაცილებით ფართო მასშტაბის ქირურგიული ჩარევის საჭიროებას.

  • ●მინდა დაგისვათ ის კითხვები, რომლებსაც ყველაზე ხშირად გვიგზავნიან ჩვენი რესპონდენტები:

-  ამბობენ, რომ ბუასილის დაავადება გაახალგაზრდავდა. ეს არის მითი თუ რეალობა და, თუ ეს რეალობაა, რა არის ამის მიზეზი?

დიახ, ეს არის სამწუხარო რეალობა - გახშირდა შემთხვევები, როცა კეთდება ოპერაციები 15–16 წლის მოზარდებში. ამის მიზეზია თანამედროვე ცხოვრების სტილი: არაჯანსაღი კვება (ფასტ ფუდი), მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის ხანგრძლივი გამოყენება, რაც თავისთავად განაპირობებს უმოძრაობასა და სიმსუქნეს.

- რამდენად რეალურია ბუასილის გადაგვარება სიმსივნედ?
როგორც სტატისტიკური, ასევე ჩემი პირადი გამოცდილებით შემიძლია თქმა, რომ ამის პრეცედენტი ფაქტობრივად არ არსებობს.

- რა აზრის ხართ ბუასილის არატრადიციული მკურნალობის მეთოდების შესახებ?

არატრადიციული მკურნალობა საკმაოდ სარისკო ნაბიჯია. წლების წინ პოპულარული იყო შემდეგი ტიპის ინფორმაცია -  „ვმკურნალობ ბუასილს დაჟინებული მზერით“. ასევე მეთოდი ბუასილის გამოვარდნილ კვანძებზე ყინულის დადება, რასაც აქტიურად იყენებდნენ ბებია ქალები ორსულთა ბუასილის დროს. თუ პირველი მეთოდი მხოლოდ ღიმილის მომგვრელია, მეორე მეთოდი რეალურად ართულებდა პაციენტის მდგომარეობას. რაც შეეხება მალამოებით მკურნალობას - საჭიროების შემთხვევაში მე ვუწევ რეკომენდაციას ლიცენზირებულ მალამოებს.

  • ●რა სირთულეებს აწყდებით ბუასილით დაავადებულ პაციენტებთან ურთიერთობისას?
    გაგიკვირდებათ, მაგრამ XXI საუკუნეში ძირითადი გამოწვევა ექიმ პროქტოლოგსა და პაციენტს შორის არის ინტიმური ადგილების ჩვენების კომპლექსი. პირადად ჩემთვის ხშირად მოუმართავთ პაციენტს თხოვნით: „ექიმო, გთხოვთ, დამინიშნოთ მკურნალობა გასინჯვის გარეშე“. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გახშირებულმა ინფორმირებამ პროქტოლოგიური დაავადებების შესახებ სიტუაცია შედარებით გააუმჯობესა.

  • ●რა სახის გამოკვლევები ტარდება ბუასილის დასადგენად?
    პირველ ეტაპზე აუცილებლად უნდა მოხდეს თითით გასინჯვა, შემდეგ კეთდება პროქტოსკოპია, საჭიროების შემთხვევაში - კოლონოსკოპია.

  • ●როგორ ხდება ბუასილის მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით „ნიუ ჰოსპიტალსში“?
    თუ პაციენტი არ საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას, ენიშნება კონსერვატიული მკურნალობა ვენოტონური მედიკამენტებით, სანთლებისა და მალამოების დახმარებით. ხოლო თუ არის საოპერაციო ფორმის ბუასილი, სასურველია ჩარევა მცირეინვაზიური ან ტრადიციული მეთოდით.

  • ●რას გულისხმობთ მცირეინვაზიურ მეთოდებში?
    HAL-RAR-ის მეთოდს და ლაზერულ ჰემოროიდოპლასტიკას (LHP). ეს თანამედროვე მეთოდები დიდი ხანია დანერგილია „ნიუ ჰოსპიტალსში“.
    თითოეული ეს მეთოდი პაციენტისთვის ძალიან კომფორტულია, სისხლის დანაკარგი მინიმალურია, პოსტოპერაციული პერიოდი - ხანმოკლე.

  • ●ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ გაქვთ ლაზერული აპარატით მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება. საინტერესოა თქვენი ხედვა ამ მცირეინვაზიურ მეთოდთან დაკავშირებით - მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
    ამ მეთოდის დროს ხდება ჰემოროიდული კვანძების მოწვა ლაზერული დიოდის დახმარებით. არ არის ღია ჭრილობა, ოპერაციის შემდგომი პერიოდი მიმდინარეობს გაცილებით მსუბუქად, ვიდრე ტრადიციული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ. პაციენტი სწრაფად უბრუნდება ყოველდღიურ ცხოვრებას.
    რაც შეეხება უარყოფით მხარეს, მეთოდი ნაკლებად ეფექტურია დიდი ზომის ბუასილის დროს, ამიტომ პრინციპულია დროულად მივმართოთ ექიმ-პროქტოლოგს.

  • ●როგორ მოვიქცეთ, რომ ბუასილი თავიდან ავიცილოთ?
    სასურველია ჯანსაღი კვება, ბოჭკოებით მდიდარი საკვების მიღება (ბოჭკოს კარგი წყაროა ხილი, ბოსტნეული, თხილეული).
    მიზანშეწონილია დღეში დაახლოებით 2 ლიტრი წყლის მიღება - ეს ხელს უწყობს განავლის დარბილებას, რაც ამცირებს ბუასილის კვანძებზე დატვირთვას. რეკომენდირებულია ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფეხით სიარული, ცურვა.