სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) თითქმის 1.8 მილიონი ლარის ღირებულების ფურგონებისა და მიკროავტობუსების შესყიდვას გეგმავს. სახელმწიფო ტენდერის მიხედვით, ავტომობილების ნაწილი სპეციალურად უნდა იყოს ადაპტირებული და მათ საბარგულებში გალიები დამონტაჟდეს. ინფორმაციამ საზოგადოების ნაწილის ყურადღება განსაკუთრებით სწორედ ამ ტექნიკურმა მოთხოვნამ მიიქცია, რადგან დოკუმენტაციაში ცხოველების უსაფრთხო და კონტროლირებადი ტრანსპორტირების საჭიროებაზეა საუბარი.
ტენდერის პირობების მიხედვით, სააგენტო სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალების შეძენას გეგმავს, რომლებიც რეგიონებში ოპერირებისთვის იქნება გამოყენებული. სპეციალისტების შეფასებით, მსგავსი ტიპის მანქანები ძირითადად გამოიყენება ვეტერინარული კონტროლის, ცხოველების მონიტორინგის, ლაბორატორიული ნიმუშების გადატანისა და დაავადებების პრევენციული ღონისძიებებისთვის.
4 ფურგონისა და 13 სატვირთო მიკროავტობუსის შესაძენად ელექტრონული ტენდერები უკვე გამოცხადდა. შესყიდვების საერთო ღირებულება დაახლოებით 1.8 მილიონ ლარს აჭარბებს, რაც სააგენტოს ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ტექნიკურ განახლებად შეიძლება ჩაითვალოს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პირველი ტენდერის სავარაუდო ღირებულება 1 490 710 ლარია, ხოლო მეორე შესყიდვა 311 076 ლარად არის შეფასებული. ტენდერები უწყებამ 13 და 15 მაისს გამოაქვეყნა.
დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სააგენტო სრულიად ახალ ავტომობილებს ითხოვს. მანქანები არანაკლებ 2025 წლის გამოშვების უნდა იყოს, ექსპლუატაციაში არმყოფი და მაქსიმუმ 200-კილომეტრიანი გარბენით. ასევე მოთხოვნილია, რომ ავტომობილები იყოს განბაჟებული, ნივთობრივად და სამართლებრივად უნაკლო და მარცხენა საჭიანი.
განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მოთხოვნამ, რომლის მიხედვითაც ავტომობილების საბარგულებში სპეციალიზებული გალიები უნდა დამონტაჟდეს. ტენდერის პირობებით, ამ სამუშაოს შესრულება გამარჯვებულ კომპანიას საკუთარი ხარჯით მოუწევს, მას შემდეგ, რაც ავტომობილები სააგენტოს გადაეცემა.
დოკუმენტაციის მიხედვით, ფურგონები და სატვირთო მიკროავტობუსები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რომელ რეგიონებში გადანაწილდება ახალი ფურგონები და მიკროავტობუსები, თუმცა სავარაუდოდ ტექნიკა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და ვეტერინარულ მიმართულებებს მოემსახურება.
სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში პასუხისმგებელია როგორც სურსათის უვნებლობის კონტროლზე, ისე ცხოველთა ჯანმრთელობის ზედამხედველობაზე. განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც აფრიკული ღორის ჭირი, ცოფი, ფრინველის გრიპი და სხვა ზოონოზური დაავადებები რეგიონში პერიოდულად ფიქსირდება, ვეტერინარული ლოგისტიკა და სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა.