დიაბეტური რეტინოპათია შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულებაა, რომელმაც შესაძლოა მხედველობის მნიშვნელოვანი გაუარესება და, მძიმე შემთხვევებში, სიბრმავეც გამოიწვიოს. დაავადება განსაკუთრებით საყურადღებოა იმით, რომ საწყის ეტაპზე ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თვალის ბადურაში ცვლილებები პაციენტმა შესაძლოა მხოლოდ სპეციალური გამოკვლევის დროს აღმოაჩინოს.

რა ნიშნებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რამდენად ხშირად არის აუცილებელი თვალის გამოკვლევა დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, რა ფაქტორები ზრდის რეტინოპათიის განვითარების რისკს და რა თანამედროვე მეთოდებით არის შესაძლებელი მხედველობის შენარჩუნება -  ამ საკითხებზე „კომერსანტთან“ New Hospitals-ის  ექიმი ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი გიორგი ნანობაშვილი  საუბრობს.

ინტერვიუს სრული სახით გთავაზობთ:

⚫რა არის დიაბეტური რეტინოპათია და რატომ წარმოადგენს ის დიაბეტის ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო გართულებას?

შაქრიანმა დიაბეტმა შესაძლოა გამოიწვიოს თვალის ბადურის დაზიანება — დიაბეტური რეტინოპათია. ეს მდგომარეობა ვითარდება მაშინ, როდესაც სისხლში გლუკოზის ხანგრძლივად მაღალი დონე აზიანებს ბადურის წვრილ სისხლძარღვებს.

მაღალი შაქრის ფონზე ბადურის სისხლძარღვების კედლები ზიანდება, იზრდება მათი გამტარობა და შესაძლოა განვითარდეს სითხისა და სისხლის გაჟონვა. შედეგად, ბადურის ქსოვილში გროვდება ლიპიდური ნადები და ვითარდება სისხლის მიწოდების დარღვეული, ანუ იშემიური უბნები.

დაავადების პროგრესირებისას იზრდება სისხლძარღვთა ენდოთელიური ზრდის ფაქტორის — VEGF-ის დონე, რაც ხელს უწყობს ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვების წარმოქმნას. ეს სისხლძარღვები განსაკუთრებით მყიფეა და ადვილად ზიანდება, რის გამოც შესაძლოა განვითარდეს სისხლჩაქცევა ბადურასა და მინისებრ სხეულში.

დიაბეტური რეტინოპათიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება მხედველობის მნიშვნელოვანი დაქვეითება ან სიბრმავეა, განსაკუთრებით დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გარეშე.

⚫რა ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს დიაბეტურ რეტინოპათიაზე და შესაძლებელია თუ არა დაავადება საწყის ეტაპზე სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს?

სიმპტომებიდან ყველაზე ხშირად პაციენტები უჩივიან მხედველობის დაბინდვას, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს დროგამოშვებით ან სისტემატური ხასიათი. ასევე, პაციენტი ამჩნევს შავ ლაქებს, რომელიც მოძრავი ან ფიქსირებულია. როცა შავი ლაქები ფიქსირებულია, ეს, როგორც წესი, მიუთითებს, რომ სისხლი ბადურის ქსოვილში არის ჩაქცეული. თუ მოძრავ ლაქებს ხედავს პაციენტი, ეს, როგორც წესი, მიუთითებს მინისებრ სხეულში სისხლჩაქცევებზე. დიაბეტურ რეტინოპათია შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი არ უნდა შემოწმდეს. მაგალითად, მყავდა პაციენტი, რომელსაც მარტივი ლორწოვანი გარსის ანთება ჰქონდა და ჩემთან ვიზიტის დროს, რა საკვირველია, თვალის ფსკერზე ჩავხედე, აღმოჩნდა, რომ მას მკვეთრად გამოხატული დიაბეტური ცვლილებები ჰქონდა, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებდა ლაზერულ და ინიექციურ მკურნალობას. საქმე ის იყო, რომ პაციენტს იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაზიანებული ის მიდამო, რომელიც ცენტრალურ მხედველობას განაგებდა. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ბადურის პერიფერიებში მკვეთრად გამოხატული ცვლილებები აღენიშნებოდა და პაციენტი იყო სისხლჩაქცევის და ბადურის ჩამოშლის ზღვარზე.

ასე რომ, დიაბეტით დაავადებული ადამიანები აუცილებელია თვალის ექიმის მიერ პერიოდულად შემოწმდნენ..

⚫რამდენად ხშირად უნდა ჩაიტარონ დიაბეტის მქონე ადამიანებმა თვალის გამოკვლევა და რომელი კვლევებია მნიშვნელოვანი დაავადების ადრეული გამოვლენისთვის?

პაციენტს, როგორც კი დაესმევა დიაბეტის დიაგნოზი, აუცილებელია მაშინვე შემოწმდეს. უნდა მოხდეს გუგების მედიკამენტოზურს მიტრიაზი, ანუ გუგების გაფართოება, თვალის ფსკერის დათვალიერება, შეფასება და ფოტოგრაფია.

დიაბეტურ რეტინოპათიას ახასიათებს თავისი სტადიები და თავისი გამოვლინებები.

ზოგჯერ ისეთი ცვლილებებია თვალის ფსკერზე, რომ შეიძლება პაციენტს მკურნალობის დაწყება არ დასჭირდეს და ვეუბნებით, რომ ვიზიტზე მოვიდეს 2-3 თვეში, ხანდახან კი აუცილებელია ინიექციების დანიშვნა და ლაზერკოაგულაციის დანიშნვნა. ისეც ხდება, რომ პაციენტი დაუყოვნებლივ საოპერაციოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბადურის ჩამოშლა გვაქვს სახეზე.

⚫რა ფაქტორები ზრდის დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების ან პროგრესირების რისკს?

მთავარი რისკფაქტორი არის შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივობა, ანუ, რაც უფრო დიდი ხანი აქვს პაციენტს შაქრიანი დიაბეტი, მით უფრო მაღალია დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების რისკი.

მეორე რისკფაქტორია, არაკორეგირებული გლუკოზის დონე სისხლში, ანუ, შაქრის ციფრები თუ არ არის დარეგულირებული. მესამე რისკფაქტორი არის არტერიული ჰიპერტენზია, ანუ მომატებული წნევა, რომელიც იწვევს ისედაც დაზიანებული სისხლ-ძარღვების უფრო მეტ ჟონვადობას.

⚫როგორ მკურნალობენ დიაბეტურ რეტინოპათიას დღეს და რამდენად შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკით მხედველობის შენარჩუნება?

დიაბეტურ რეტინოპათიის მკურნალობისთვის დღეს წამყვანი როლი ენიჭება მის დიაგნოსტიკას. თავდაპირველად პაციენტი უნდა მივიდეს ოფთამოლოგთან ვიზიტზე, მოხდეს თვალის ფსკერის დათვალიერება. უნდა შეფასდეს დიაბეტური ცვლილებები, დადგინდეს მისი სტადია და მდგომარეობის მიხედვით ჩატარდეს მკურნალობა.