კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა.

ინტენსიური წვიმის შემდეგ ლაგოდეხის, ყვარლის და გურჯაანის სოფლებში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭიაურსა და ქვემო ნაშოვარში.

“კვირაზე მეტია წვიმს და უხვი ნალექია. იმდენად დიდია წყლის რაოდენობა რომ სანიაღვრე არხები ვერ ატარებს და დაგვეტბორა სახლები, ეზოები და მოსავალი. სათბურები სულ წყალშია. გაგვინადგურდა ყველაფერი. ჩვენი ძირითადი შემოსავალი ეს არის, მაგრამ დავრჩით არაფრის გარეშე, არ ვიცით, რა იქნება”, - ამბობენ დაზარალებულები.

სტიქიის ზონაში ჩავიდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და ლაგოდეხის მერი. მათი თქმით სამაშველო სამსახურთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ipn.ge