2025 წელს საქართველოში შემოვიდა 256.1 მილიონი ლარის ღირებულების (93.7 მილიონი აშშ დოლარი) 18 ათასი ტონა კაკაოსა და შოკოლადის მზა ნაწარმი – ამის შესახებ ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წლიურ ანგარიშში.
რაც შეეხება კაკაოს, შოკოლადის და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმის ადგილობრივ მწარმოებლებს, საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ საქმიანობას 78 კომპანია ეწევა, 77 მცირე და 1 მსხვილი ზომის საწარმო - შპს ბარამბო.
2025 წელს შოკოლადის ნაწარმის იმპორტის ბაზრის იმპორტიორი კომპანიების მიხედვით შეფასებიდან ჩანს, რომ შოკოლადი და კაკაოს შემცველი საკვები პროდუქტების იმპორტის ბაზარი დაბალკონცენტრირებულია. ამ პერიოდში ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა - ჰერფინდალ - ჰირშმანის ინდექსმა (HHI) 820 ერთეული შეადგინა. წამყვანი 10 კომპანიის საერთო წილი მთლიან იმპორტში 73%-ს, წამყვანი 5 კომპანიის წილი 52%-ს, ხოლო წამყვანი 3 კომპანიის წილი 43%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ექსპორტიორ ქვეყნებს, უმსხვილესი ექსპორტიორების ათეულიდან შემოდის პროდუქტის 91%. შოკოლადის ნაწარმის რაოდენობის 52% შემოდის რუსეთიდან, რაც თანხობრივად საერთო იმპორტის 36%-ს შეადგენს. შემდეგ უკრაინა 21%-იანი წილით, სომხეთი 7%, პოლონეთი -7 % და ხორვატია 5%-იანი წილით.