ნატო-სთან ურთიერთობას სერიოზულად გადავხედავთ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატო-თი. ისინი ჩვენს გვერდით არ იყვნენ. ჩვენ ტრილიონობით დოლარს ვხარჯავთ ნატო-სთვის. ახლა დახმარება სურთ, მაგრამ რეალური საფრთხე უკვე აღარ არის“, - განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა დასაჯოს ის ქვეყნები, რომლებიც აშშ-ს ირანის წინააღმდეგ არ დაეხმარნენ, ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ, რა მოხდება“.

„ტრილიონობით დოლარს ვხარჯავთ ნატო-სთვის, რათა რეალურად, რუსეთისგან დავიცვათ. თუ დაფიქრდებით, ჩვენ მათ რუსეთისგან ვიცავთ. მე უკვე დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ეს აბსურდულია. მაგრამ, ჩვენ ამისთვის ტრილიონობით დოლარს ვხარჯავთ და ვფიქრობ, ამას სერიოზულად გადავხედავთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე, ტრამპმა ირანთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა, კერძოდ აშშ-ის პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ „არ აინტერესებს, დაბრუნდებიან თუ არა ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან“.

„არ მაინტერესებს. ჩემთვის სულერთია. მათი შეიარაღებული ძალები და რაკეტები აღარ არსებობს. მათ დადებული პირობა დაარღვიეს. მათ პირობა დადეს, რომ ჰორმუზის სრუტეს გახსნიდნენ, მაგრამ ეს არ გააკეთეს და ტყუილი თქვეს. მათთან მოლაპარაკებები 21 საათს გაგრძელდა და ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით სიტუაცია. ირანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“, - განაცხადა ტრამპმა.

ipn.ge