უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესის“ დამარცხების შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა ქვეყნის მოქალაქეებისთვის მარტის დასაწყისში გაცემული რეკომენდაცია, თავი შეეკავებინათ უნგრეთში გამგზავრებისგან.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ 13 აპრილს გამოაცხადა, რომ რეკომენდაცია მოხსნილია, რადგან უნგრეთში დასრულდა „უკრაინის მიმართ მანიპულაციებით“ სავსე საარჩევნო კამპანია და „პროვოკაციების მაღალი რისკი“ აღარ არსებობს.
- უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს უნგრეთში გამგზავრებისგან თავის შეკავების რეკომენდაცია 6 მარტს მისცა მას შემდეგ, რაც უნგრეთის ტერიტორიაზე დააკავეს უკრაინის სახელმწიფო შემნახველი ბანკის შვიდი თანამშრომელი და ინკასატორთა სამსახურის ორი ავტომობილი, რომლებსაც ავსტრიიდან უნგრეთის გავლით უკრაინაში ვალუტა და ოქრო მიჰქონდათ.
- უნგრეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინელი ინკასატორები ფულის გათეთრებაში იყვნენ ეჭვმიტანილი. კიევში ამ ბრალდებას აბსურდული უწოდეს და ბუდაპეშტი დაადანაშაულეს „სახელმწიფო ტერორიზმსა და რეკეტში".
- ინციდენტის გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეები გააფრთხილა, რომ უნგრეთის ხელისუფლების „თვითნებური მოქმედებების ფონზე“ მათი უსაფრთხოება გარანტირებული ვერ იქნებოდა.
12 აპრილს უნგრეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის თითქმის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა.
უნგრეთის ოპოზიციურმა პარტიამ „ტისა“ პეტერ მადიარის ლიდერობით დაამარცხა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი" და პარლამენტის მანდატების უმრავლესობა მოიპოვა.