შუა დერეფნის ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის საქართველოს სარკინიგზო სექტორში კერძო სატვირთო კომპანიების როლის გაძლიერება და მათი საკუთარი სავაგონო პარკის განვითარება ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად განიხილება.

კვლევების მიხედვით, შუა დერეფნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ სატვირთო ვაგონების დეფიციტი რჩება. არსებული პრობლემები, მათ შორის სავაგონო პარკის არასაკმარისი მოცულობა და ტექნიკური მდგომარეობა, ზრდის სატრანზიტო დროს და ამცირებს ლოგისტიკური ჯაჭვის ეფექტიანობას.

2024 წლის სავაგონო პარკის ინვენტარიზაციის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული 7 863 სატვირთო ვაგონიდან 6 737 ერთეული (86%) საქართველოს რკინიგზის საკუთრებაშია, ხოლო 1 126 ვაგონი (14%) კერძო კომპანიებს ეკუთვნის.

ანალიზის მიხედვით, კერძო კომპანიების მიერ ვაგონების მხოლოდ 14%-ის ფლობა სხვა ქვეყნების პრაქტიკასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია და სატვირთო გადაზიდვებში კერძო სექტორის ნაკლებ ჩართულობაზე მიუთითებს. მაგალითად, ყაზახეთში, რუსეთში, ლიტვასა და ესტონეთში სატვირთო ვაგონების თითქმის სრული პარკი კერძო კომპანიების საკუთრებაშია.

აღნიშნულია, რომ ბალტიის ქვეყნების მოდელი, სადაც კერძო სავაგონო პარკის წილი მაღალია, ევროკავშირის სარკინიგზო პრაქტიკასთან უფრო მეტად არის თავსებადი და კონკურენტულ გარემოს უწყობს ხელს.

ამ ფონზე, საქართველოს სარკინიგზო ბაზარზე კერძო კომპანიის მიერ მსხვილი სავაგონო პარკის შეძენა მნიშვნელოვან ნაბიჯად სახელდება. კომპანია Zet Trans Group-მა შუა დერეფნით ბათუმის ნავსადგურის მიმართულებით კარბამიდის გადაზიდვისთვის 100 ერთეული სპეციალიზებული ბუნკერული (hopper) ტიპის ვაგონი შეიძინა.

ეს ბოლო პერიოდში საქართველოს რკინიგზაზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო სავაგონო პარკის შეძენაა და პირველად წარმოადგენს შემთხვევას, როდესაც ადგილობრივი მსხვილი კერძო კომპანია საკუთარი მოძრავი შემადგენლობით შემოვიდა ქვეყნის სარკინიგზო ქსელში.

კომპანიის ინფორმაციით, ახალი ტიპის ვაგონების გამოყენებით მხოლოდ აზერბაიჯან-საქართველოს მარშრუტზე თვეში ოთხი ბრუნის განხორციელებაა შესაძლებელი, რაც თვეში დაახლოებით 20-30 ათასი ტონა ტვირთის გადაზიდვას ნიშნავს.

შუა დერეფნის მიმართულებით კარბამიდის გადაზიდვის პერსპექტივაზე მიუთითებს ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებში დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები. მათ შორის, ყაზახეთის მთავრობამ კომპანია KazAzot Prime-თან 1.65 მილიარდი დოლარის საინვესტიციო შეთანხმება გააფორმა, რომელიც აქტაუს პორტთან ახლოს კარბამიდის მსხვილი საწარმოს მშენებლობას ითვალისწინებს.

პროგნოზის მიხედვით, მხოლოდ ყაზახეთში დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შედეგად, 2030 წლისთვის მინერალური სასუქების წარმოება 2.3 მილიონ ტონას მიაღწევს. მოსალოდნელია, რომ წარმოებული პროდუქციის ნაწილი ბათუმის ტერმინალის გავლით გადაიზიდება.

კერძო სავაგონო პარკის განვითარების ხელშეწყობისთვის ექსპერტები რამდენიმე მიმართულებას გამოყოფენ. მათ შორისაა კერძო ვაგონების მფლობელობის წახალისებისთვის სპეციალური სახელმწიფო ან საერთაშორისო პროგრამების შექმნა, ასევე სატარიფო შეღავათების გაზრდა.

ამჟამად საქართველოში კერძო ვაგონების გადაადგილებაზე მოქმედი 15%-იანი ფასდაკლება, შეფასებების მიხედვით, ნაკლებია ყაზახეთის პრაქტიკასთან შედარებით, სადაც კერძო ვაგონებისთვის 30%-იანი ფასდაკლება გამოიყენება.

ასევე რეკომენდებულია ფინანსური ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების ჩართულობით ისეთი პროგრამების შექმნა, რომლებიც კერძო კომპანიებს დაბალპროცენტიან სესხებს, გრანტებსა და ლიზინგის მექანიზმებს შესთავაზებს ვაგონების შესაძენად.

სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, კერძო სავაგონო პარკის განვითარება საქართველოს რკინიგზას საშუალებას მისცემს, საკუთარი რესურსები უფრო მეტად ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და ახალი მაგისტრალური ლოკომოტივების შეძენაზე მიმართოს, ხოლო მოძრავი შემადგენლობის განახლების ნაწილი კერძო სექტორის მონაწილეობით განხორციელდეს.