ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ობიექტზე ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად ერთი მუშა დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პუბლიკას“ დაუდასტურეს, რომ კონსტრუქციის ქვეშ მოყოლილი მუშა გარდაიცვალა. მაშველებმა მისი ცხედარი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბეტონის დასხმაზე ორი მუშა მუშაობდა. მათი თქმით, ერთ-ერთი გადარჩა, ხოლო მეორე ჩამონგრეული კონსტრუქციის ქვეშ მოექცა.

„საშინელი ხმა იყო. ორი მუშა იყო ბეტონის ჩასხმაზე. ერთი გადარჩა და მეორის გამოყვანას ამ დრომდე ცდილობდნენ“, — განუცხადეს თვითმხილველებმა „ქუთაისიპოსტს“.

შემთხვევის გარემოებების დასადგენად „პუბლიკა“ დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც ელოდება. ოფიციალური კომენტარის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.