შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებს ნავთობსადენის აღდგენის შესახებ, რომელიც ერაყიდან სირიაში „შავი ოქროს“ ტრანსპორტირებას ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით უზრუნველყოფს. ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, განიხილება რამდენიმე ვარიანტი, თუმცა მთავარი ყურადღება გამახვილებულია კირკუკი–ბანიასის ნავთობსადენის აღდგენაზე, რომელიც ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ნავთობის საბადოებს სირიის საპორტო ქალაქ ბანიასთან აკავშირებს.

წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიისა და ერაყის საკითხებში თომას ბარაკმა, მილსადენის აღდგენის საკითხი ორივე ქვეყნის წარმომადგენლებთან და კომპანიებთან, მათ შორის ამერიკულ Chevron-თან, განიხილა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Bloomberg-თან საუბარში დაადასტურა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ერაყისა და სირიის ძალისხმევას სავაჭრო მარშრუტების გაფართოების მიმართულებით.

კირკუკი–ბანიასის ნავთობსადენი 20 წელზე მეტია არ ფუნქციონირებს. ის 1952 წელს ამოქმედდა, თუმცა 1980-იან წლებში ირან-ერაყის ომის გამო შეჩერდა. 2000 წელს მისი მუშაობა მოკლე პერიოდით აღდგა, მაგრამ 2003 წელს, ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დროს ინფრასტრუქტურის მძიმე დაზიანების შემდეგ, მილსადენმა ფუნქციონირება საბოლოოდ შეწყვიტა.