საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 2026 წლის მეორე კვარტალში განხორციელებულ ოთხ კონცენტრაციასთან დაკავშირებით საქმის წარმოება დაიწყო.
სააგენტოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით.
2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში სულ 4 556 ტრანზაქცია დარეგისტრირდა. მათგან 4 544 შემთხვევა არ აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რომლებიც წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობას განსაზღვრავს.
12 ტრანზაქცია შეფასდა კონცენტრაციად და დააკმაყოფილა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის, ერთობლივი შემოსავლების ნაწილში.
GCCA-ის ცნობით, აღნიშნული 12 შემთხვევიდან 8 კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოხვდა და სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდა.
რაც შეეხება დარჩენილ ოთხ შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების საფუძველზე, სააგენტომ მიიჩნია, რომ შესაძლოა არსებობდა კონცენტრაციის შესახებ წინასწარი შეტყობინების ვალდებულება, რის გამოც მათთან დაკავშირებით საქმის წარმოება დაიწყო.
GCCA-ის მონაცემებით, 2025 წელს სააგენტომ თანხმობა გასცა 18 კონცენტრაციაზე, ხოლო 2026 წელს, ამ ეტაპისთვის, თანხმობა გაცემულია 12 კონცენტრაციაზე.