საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, მსოფლიო ბანკმა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო კვლევა შეიმუშავა. მისივე თქმით, თბილისში მიმდინარე დღევანდელ ღონისძიებაზე შუა დერეფნის შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.
იოსელიანის განმარტებით, მსოფლიო ბანკის კვლევა მიუთითებს, რომ შუა დერეფანი არის მზარდი, შესაბამისად, აქვს დიდი ეკონომიკური შესაძლებლობები.
„კვლევის მიხედვით, 2040 წლისთვის მოსალოდნელია ტვირთბრუნვის ოთხჯერ ზრდა, ასევე, ტვირთის გადაზიდვის დროის დაახლოებით 2/3-ით შემცირება. ეს, რა თქმა უნდა, მოგვცემს საშუალებას, ეკონომიკურად განვითარდეს შუა დერეფნის მასპინძელი ქვეყნები. მშპ-ს ზრდასთან დაკავშირებით კვლევა ამბობს, რომ დაახლოებით 3.3%-ით გაიზრდება მშპ, საქართველოს შემთხვევაში კი ეს 3.6%-ს მიაღწევს.
აქვე მნიშვნელოვანია დასაქმების მაჩვენებელი, დასაქმების მაჩვენებელთან დაკავშირებით კვლევა ამბობს, რომ დაახლოებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, როგორც ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ასევე ეკონომიკის განვითარების კუთხით და ასე შემდეგ.
საქართველო აღნიშნულ მიმართულებას მზად ხვდება. ჩვენ 2025 წლის ბოლოს შევიმუშავეთ 10-წლიანი ტრანსპორტის განვითარების ხედვა და გეგმა. შესაბამისად, როგორც მოგეხსენებათ, 2032 წლამდე სახელმწიფო აპირებს, მოაბილიზოს დაახლოებით 7 მილიარდი ამერიკული დოლარი, რათა განვითარდეს ძირითადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
აქვე გამოვყოფდი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობას, თუ როგორ ვითარდება აღნიშნული პროექტი. როგორც იცით, ჩვენ ლენდლორდის მოდელზე გადავედით, რაც გვაძლევს საშუალებას, რისკები დაბალანსდეს. შესაბამისად, მოვიზიდოთ ოპერატორები, რომლებსაც ექნებათ გამოცდილება და ცხადია, აქ მნიშვნელოვანია რკინიგზის ისტორიული განახლება, რაც უკვე მიმდინარეობს და ჩვენ უკვე ხელშესახები შედეგები გვაქვს.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ შუა დერეფანმა უნდა იმუშაოს, როგორც ერთიანმა სისტემამ და ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა აღნიშნული სისტემა და შუა დერეფანი გახდეს კონკურენტუნარიანი. შესაბამისად, იყოს სწრაფი, სანდო და ამასთან ერთად, ეფექტიანი. ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან და ყველა ჩართულ მხარესთან შუა დერეფანში, ჩვენ სინქრონში ვართ იმ ინვესტიციებთან მიმართებით, რასაც ვახორციელებთ, რათა გაიზარდოს გამტარუნარიანობა და შესაბამისად, მომხმარებელს სანდო მარშრუტი შევთავაზოთ“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
საქართველოში მსოფლიო ბანკის რეგიონული ფორუმი იმართება, სადაც შუა დერეფნის საკითხს განიხილავენ.