მთავრობას „საქართველოს საჰაერო კოდექსში" ცვლილებები შეაქვს. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობა კეიპტაუნის კონვენციას დაუახლოვდეს. კეიპტაუნის 2001 წლის კონვენციას საქართველო შარშან შეუერთდა.
განმარტებითი ბარათის თანახმად, იქმნება მექანიზმი, რომელიც კრედიტორებს საშუალებას აძლევს საერთაშორისო რეესტრში დაარეგისტრირონ თავიანთი ქონებრივი უფლებები, რათა დაცულნი იყვნენ სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში.
ამ სისტემის დანერგვა მთავრობის განცხადებით, უცხოელი ინვესტირებისთვის ქართული საავიაციო ბაზრის სანდოობას გაზრდის, რაც თავის მხრივ, მკვეთრად შეამცირებს საავიაციო ობიექტების (თვითმფრინავების, ძრავების) ფასს ქართველი ავიაგადამზიდველებისთვის.
ამას გარდა, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორს უფლება ექნება მოითხოვოს ხომალდის ამოღება საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან და მისი ქვეყნიდან გაყვანა.
"წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით, უზრუნველყოფილი იქნება კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის უფლება, საერთაშორისო რეესტრში დაარეგისტრიროს საავიაციო ობიექტთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესი (ქონებრივი უფლება), აგრეთვე სახელშეკრულებო დეფოლტისას, შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე, მოითხოვოს საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან მყისიერი ამოღება, რაც გაზრდის საქართველოს საავიაციო ბაზრის სანდოობას უცხოური ინვესტიციებისთვის და მკვეთრად შეამცირებს ქართულ ბაზარზე არსებული ავიაგადამზიდველებისთვის საავიაციო ობიექტის ფასს", - წერია განმარტებით ბარათში.
წარმოდგენილი კანონპროექტით, ავიაციის სააგენტო ასევე უზრუნველყოფს საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებას, თუ კრედიტორი წარმოადგენს სასამართლოს ბრძანებას საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების, როგორც კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
კანონპროექტის ის მუხლები, რომლებიც უზრუნველყოფს კეიპტაუნის კონვენციის დებულებების ასახვას საქართველოს კანონმდებლობაში, 2026 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება.