ოჩამჩირის ნავსადგურთან საკონტეინერო ტერმინალი ამოქმედდა. აფხაზური მხარე ახლადგახსნილ ინფრასტრუქტურულ ობიექტს
არა ლოკალური დანიშნულების, არამედ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ტვირთების გამანაწილებელი ტერმინალის ფუნქციას ანიჭებს.
საკონტეინერო ტერმინალის დანიშნულებაა რუსეთიდან რკინიგზით შემოსული კონტეინერების დასაწყობება შემდგომ გემებში გადატვირთვა და მესამე ქვეყნებში გაგზავნა ასევე უკუმიმართულებით მესამე ქვეყნებიდან საკონტეინერო ტვირთების მიღება.
ოჩამჩირის საკონტეინერო ტერმინალზე როგორც საკვანძო რგოლზე, მის ეკონომიკურ მიმზიდველობაზე და პერსპექტივებზე აფზახეთის პრესაში ფართოდ იწერება, უფრო მეტიც ინფრასტრუქტურული ობიექტი – „შეძაძლებლობების ტერმინალის“ სახელით მოიხსენიება.
ოჩამჩირის საკონტეინერო ტერმინალის, როგორ რუსეთის მიერ გაჭრილი დერეფნის შუალედური რგოლის პერსექტივებზე „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ გთავაზობთ საკუთარ მოსაზრებას.
რუსეთის მიერ ბოლო პერიოდში, აფხაზეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯები გვაფიქრებინებს, რომ რუსეთის მიზანს წარმოადგენს შექმნას საიმედოდ აწყობილი, საზღვაო ნავსადგურით დაბოლოებული ახალი სატრანსპორტო დერეფანის ამოქმედება, სადაც ოჩამჩირის ნავსადგურს და ტერმინალს, აფხაზეთის რკინიგზასთან ერთად ექნებად მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქციები.
ოჩამჩირის საკონტეინერო ტერმინალის ამოქმედება რუსეთის გეგმასთან თანხვედრაშია, უფრო მეტიც დერეფნის ფორმირებისათვის აუცილებელი ატრიბუტია.
რუსეთისათვის სანქცირებული ტვირთების მესამე ქვეყნებში გასატანად და უკუმიმართულებით მისაღებად სასიცოცხლოთ აუცილებელია ახალი სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედება.
ყველაფერს კი წინ უსწრებდა 2023 წლის მარტში რუსეთის ცენტრალური რეგიონიდან წამოსული პირველი სატესტო საკონტეინერო მატარებელის ოჩამჩირის ნავსადგურში მიღება და გადატვირთვის სიძნელეების მიუხედავად კონტეინერების გემში ჩატვირთვა. ამ ნაბიჯით რუსეთმა გააკეთა პირველი განაცხადი აფხაზეთისკენ სატრანზიტო დერეფნის გაჭრასთან დაკავშირებით.
ბუნებრივია იმ პერიოდში რთული იყო ცალსახად პასუხის გაცემა რამდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდებოდა რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით გაჭრილი დერეფანი, რადგანაც ნავსადგურთან დამაკავშირებელი რგოლი საკონტეინერო ტერმინალის სახით არ არსებობდა.
სადღეისოდ ნათელია, რომ ოჩამჩირის საკონტეინერო ტერმინალის ამოქმედებით აფხაზეთმა სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებაზე გააკეთა განაცხადი.
როგორი ტექნიკური პარამეტრებით ხასიათდება ოჩამჩირის საკონტეინერო ტერმინალი?
ტერმინალი რუსეთ – აფხაზეთის შეღავათიანი კრედიტის პროგრამის ფარგლებში, ოჩამჩირის ნავსადგურის სიახლოვეს აშენდა. პროექტის ღირებულებამ 800 მლნ რუბლი 7.7 მლნ დოლარი შეადგინა.
რუსეთის მიერ ფინანსური თანხების ჩადებით მკაფიოდ ჩანს, აფხაზეთში სტრარეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტის, მისი მხრიდან დაინტერესება.
საკონტეინერო ტერმინალის პერიმეტრზე დაგებულია სპეციალური ფილები და დაკავშირებულია სარკინიგზო ქსელთან 550 მეტრიანი სიგრძის ორი ლიანდაგით.
საკონტეინერო ტერმინალი 12,5 ჰექტარზეა განთავსებული, პარალელურად მოწყობილი სარკინიგზო ლიანდაგის საშუალებით შესაძლებელია 62 კონტეინერისაგან შემდგარი სარკინიგზო შემადგენლობის 8 საათში ერთდროული დამუშავება. ტერმინალი 1200 კონტეინერის შენახვისთვისაა გათვლილი.
ტერმინალზე გამოყენებული ახალი მანქანა – მექანიზნები ავტომატიზირებულია და შეუძლიათ კონტეინერის სარკინიგზო პლატფორმიდან საკონტეინერო მოედანზე გადატანა და განთავსება.
დამატებით უშუალოდ ნავსადგურში მოწყობილია ახალი 450 ტონიანი მაღალი ტვირთამწეობის ამწე, რომლის საშუალებით ხდება 300 კონტეინერის ტევადობის გემებზე ჩათვირთვა – გადმოტვირთვის ოპერაციების შესარულება.
ტერმინალზე გათვალისწინებულია რეფრეჟერატული კონტეინერებისათვის დენის წყარო, რითიც შესაძლებელი იქნება ციტრუსებით დატვირთულ კონტეინერში ტემპერატურულ რეჟიმის შენარჩუნება და შემდომ 3 – 4 დღის განმავლობაში ციტრუსით დატვირთული კონტეინერის რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში მიწოდება.
აფხაზური მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოჩამჩირის საკონტეინერო ტერმინალის ექსპლუატაციაში გაშვებას და სრულფასოვან ამოქმედებას. ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში მიმდინარე კონტეინერიზაციის პროცესის კვალდაკვალ აფხაზეთის ბიზნესს მიეცემა ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარების ახალი პერსპექტივები.
დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ ოჩამჩირის ტერმინალის ექსპლუატაციაში გაშვება, რუსეთიდან საცდელი საკონტეინერო გადაზიდვების განხორციელება წარმოადგენს ერთი სქემის შემადგენელ ნაწილებს, ეს ყოველივე კი, მკაფიოდ მიუთითებს რუსეთის განზრახვაზე აფხაზეთის გავლით ჩამოაყალიბოს სტაბილური სატრანზიტო დერეფანი.
წყარო: transcor.ge