საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის E70 საავტომობილო გზის ქობულეთის შემოვლითი მონაკვეთის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაინტერესებული მხარეები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრა გაიმართა პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის მომზადების ფარგლებში.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების, მოსალოდნელი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედებისა და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის მიზანი ასევე იყო დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიღება შეფასებისა და დაგეგმვის პროცესში გასათვალისწინებლად.
შეხვედრა ღია იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები.
პროექტი ითვალისწინებს ქობულეთის შემოვლითი გზის დაახლოებით 31 კილომეტრიან მონაკვეთზე არსებული ორი ზოლის პარალელურად დამატებითი ორი ზოლის მშენებლობას.
პროექტის გარემოსდაცვითი დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.
ცნობისთვის, სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში მომავალი წლის ბოლოს შევა. 31.3-კილომეტრიანი გზა 2018 წლიდან შევიდა ექსპლოატაციაში, რის შემდეგაც მალევე მზარდი სატრანსპორტო ნაკადის გათვალისწინებით მისი გაფართოება გადაწყდა.
გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების შემთხვევაში 110-120 კმ/სთ-მდე გაიზრდება თითოეულ ზოლში გადაადგილების სიჩქარე და გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა. პროექტი ორი - 305 და 174 მეტრის სიგრძის გვირაბების მშენებლობას ითვალისწინებს.