სამშენებლო კომპანია, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, მწვანე კონცხზე კორპუსის მშენებლობა თითქმის დაასრულა, ამ კორპუსისთვის გამწმენდი ნაგებობის მოსაწყობად მერიას ნებართვას სთხოვს.  იმავე კორპუსში კომპანია „პრემიუმ კლასის“ ბინებს ყიდის.

აქ ერთი კვ.მეტრის ფასი 1500 დოლარიდან იწყება და იზრდება ხედისა და სიმაღლის მიხედვით.

კომპანია განმარტავს, რომ გამწმენდი ნაგებობა ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში სამეურნეო-ფეკალური წყლების სწორი მართვისთვის სჭირდება.

მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებას საკანალიზაციო სისტემა ჯერ კიდევ არ აქვს. ეს  გარემოება სამშენებლო კომპანიებს არ აფერხებს ზღვისა და მთის ხედებით „პრემიუმ კლასის“ ბინები ძვირად გაყიდონ.

ეს მნიშვნელოვანი გარემოება არც მერიას უშლის ხელს ამ დასახლებაში მრავალბინიანი კორპუსების პროექტებზე სამშენებლო ნებართვები გასცენ, ზოგჯერ ორსართულიანი საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის, ზოგ შემთხვევაში კი კარგად გამწვანებული სივრცეების ათვისების ხარჯზე.

მსგავსმა გადაწყვეტილებებმა ბათუმის ახალი ბულვარის გასწვრივ ქალაქი ისეთი გამოწვევის წინაშე დააყენა, რომლის გადაჭრა ვერც ამ კორპუსებში მცხოვრებლებმა მოახერხეს და ვერც მერიამ შეძლო.

ზაფხულობით, ტურისტული სეზონის დროს, ბათუმში ახალი ბულვარის ტერიტორიიდან პერიოდულად არასასიამოვნო სუნი ვრცელდება – აქ მცხოვრებლები კანალიზაციის სუნს უწოდებენ, მერიის წარმომადგენლები კი ამას ხან არასტანდარტულ ნაგავსაყარს, ხან ადლიაში მდებარე სტანდარტულ გამწმენდ ნაგებობას უკავშირებენ. მოსახლეობა კი აცხადებს, რომ არანაკლებ საგანგაშოა კორპუსების სარდაფებიდან, ასევე გაუწმენდავი შამბოებიდან მომავალი სუნი.

საქმე ისაა, რომ მშენებელმა კომპანიებმა ვერ შეძლეს ე.წ. შამბოების ისე მოწყობა და მართვა, რომ მისით გამოწვეულმა სუნმა პრობლემები არ შექმნას ქალაქში.

მოსახლეობის ეს წუხილი მერიაში ისევე არ ესმით, როგორც მაშინ, როცა აფრთხილებდნენ, რომ კორპუსები ეზოებისა და პარკირების გარეშე „ქალაქს გაჭედავდა“.

ცუდი პრაქტიკით, რომ მერიამ ვერაფერი ისწავლა, ან არ ისწავლა, ეს შეიძლება მომავალში მწვანე კონცხიდან მომავალ სუნზეც ვიგრძნოთ. მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებასთან ახლოსაა, როგორც თანამდებობის პირები თავად უწოდებენ, „ბათუმის სავიზიტო ბარათი“ – ბოტანიკური ბაღი.

ბოლო წლებში აქ ათეულობით კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცეს, ბევრი უკვე აშენდა, ბევრის მშენებლობა სრულდება. უცნობია, რომელმა კომპანიამ რა გზას მიმართა ამ კორპუსებში საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად, მაშინ, როცა აქ საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს – ე.წ. შამბოები მოაწყვეს თუ გამწმენდი ნაგებობები?

სამშენებლო კომპანია, რომელიც მერიას თავისი ახალაშენებული კორპუსისთვის ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მოსაწყობად ნებართვას სთხოვს, ასრულებს 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობას მწვანე კონცხზე, მომაღლო ადგილზე, კვიპაროსის ქუჩის #9-11-ში.

მიმდინარე მშენებლობა

კომპანიას გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად დასჭირდა იმის გარკვევა, ექვემდებარება თუ არა პროექტი გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

„ვინაიდან ქალაქის პერიფერიულ მონაკვეთებში, მათ შორის კვიპაროსის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა ჯერჯერობით არ არის მოწესრიგებული, ახლა აშენებულ საცხოვრებელი კომპლექსში სათანადო სანიტარული ნორმების დაცვისა და წარმოქმნილი სამეურნეო-ფეკალური წყლების სწორი მართვის მიზნით, შპს „თალასა ჯგუფმა“ მიიღო გადაწყვეტილება ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის გამოყენებასთან დაკავშირებით“, – ვკითხულობთ სკრინინგის ანგარიშში, რომელიც კომპანიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადაუგზავნა.

პროექტის მიხედვით, საცხოვრებელი კომპლექსის საკანალიზაციო სისტემა დაუკავშირდება საპროექტო ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობას, რომელიც უზრუნველყოფს სამეურნეო-ფეკალური წყლების ბიოლოგიურ დამუშავებას და გაწმენდის შემდგომ [მიმდებარედ არსებულ] ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებას.

კომპანია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს არწმუნებს, რომ დანადგარი, რომლის გამოყენებასაც ის გეგმავს, არ იწვევს უსიამოვნო სუნის გავრცელებას დასახლებულ ზონაში:

„საპროექტო გამწმენდი დანადგარი წარმოადგენს დახურული სისტემის ობიექტებს, რომლებიც განთავსდება მიწისზედა გადაწყვეტით, ბეტონით შემოსაზღვრულ სივრცეში – აღნიშნული კონსტრუქციული გადაწყვეტა გამორიცხავს უსიამოვნო სუნის ან/და სხვა მავნე ფაქტორების გავრცელებას დასახლებულ ზონაში. გამწმენდი ნაგებობის სწორად ოპერირების პირობებში, დანადგარი არ იწვევს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას, მათ შორის – არასასიამოვნო სუნის გამომწვევი გაზების ფართო-მასშტაბურ გავრცელებას.“

დოკუმენტიდან ვიგებთ ასევე, რომ წყალჩამშვები ობიექტი უერთდება შავ-ზღვას:

„წყალჩამშვები ობიექტი (დაურეგისტირებელი არხი/ბუნებრივი არხი) საბოლოოდ უერთდება შავ-ზღვას, თუმცა გამწმენდი ნაგებობაში მოხვედრილი წყლების წმენდის ეფექტურობის გათვალისწინებით, რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზემოქმედებას ადგილია არ ექნება.“

სკრინინგის ანგარიშის მიხედვით, მიიჩნიეს, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლთან თავსებადობის საკითხი შეფასებას არ საჭიროებს, რადგან საკვლევი ტერიტორიიდან სანაპირო ზოლამდე პირდაპირი მანძილი დაახლოებით 1023 მეტრია. ანუ, არც ისე ახლოსაა, რომ ზემოქმედება მოახდინოს.

ფოტო სკრინინგის ანგარიშიდან

სკრინინგის ანგარიშში განხილულია მთელი რიგი საკითხები, რომლის მიხედვითაც, გამწმენდი ნაგებობა ისე უნდა იმართოს, რომ ეს მოსახლეობა არ შეაწუხოს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ გამწმენდი ნაგებობის გამართულად ოპერირების შემთხვევაში ეს ყველაფერი შესაძლებელია.

გამართულად ოპერირების კონტროლი კი შესაძლოა მომავალში ისევ მერიის თავსატეხად იქცეს, როგორც ახალ ბულვარში ე.წ. შამბოების მართვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს „თალასა ჯგუფის“ ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა  გზშ-ს არ ექვემდებარა.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge