ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 16 იანვარს დასრულდა 4 მაღაროელის საქმის განხილვა.
4 მაღაროელი, გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, თენგიზ გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე, რომლებმაც წინასწარ პატიმრობაში 9 თვე გაატარეს, დღეს განაჩენს ელოდა.
თუმცა მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა განაჩენის გამოცხადება 20 იანვრამდე გადადო.
ქუთაისის სასამართლოში მყოფი მაღაროელების ახლობლების განცხადებით, 16 იანვარს, დღის სამ საათზე ჩანიშნული სასამართლო პროცესი, მოსამართლე მაზანაშვილმა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, სხდომის დასრულების შემდეგ, დარბაზში შეკრებილებს მიმართა, რომ „სათათბიროდ გადიოდა განაჩენის გამოსატანად“. თუმცა ნახევარი საათის შემდეგ მანდატურის საშუალებით შეუთვალა პატიმრებს და მათ ახლობლებს, რომ განაჩენის გამოცხადება 20 იანვრამდე გადადო.
მაღაროელებს – გიორგი ნეფარიძეს, მერაბ სარალიძეს, თენგიზ გველესიანს და აჩიკო ჭუმბურიძეს პროკურატურა სისხლის სამართლის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) ედავებოდა.
შემთხვევა 2025 წლის 28 აპრილს მოხდა. ბრალდების მიხედვით, ოთხი მაღაროელი თითქოს თავს დაესხა შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას.
მაღაროელების დაკავებას წინ უძღოდა მრავალდღიანი პროტესტი, შიმშილობა და მაღაროელთა მასშტაბური აქცია ქალაქ ჭიათურაში.
ოთხივე დაკავებული მაღაროელი საპროტესტო აქციების გამოკვეთილი ფიგურა იყო. ისინი მოუწოდებდნენ სხვა მაღაროელებს, ხელი არ მოეწერათ მათი აზრით კაბალურ ხელშეკრულებაზე, რომელსაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მაღაროელებს სთავაზობდა.
სისხლის სამართლის წესით დაკავებული 4 მაღაროელის სასამართლო პროცესები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„9 თვის განმავლობაში სრულიად უდანაშაულოდ ვიყავი ციხეში.
სამწუხაროდ, სასამართლომ ვერ მოძებნა შესაბამისი მუხლი, რომ ეს უსამართლობა აღეკვეთა, რომ მინიმუმ ციხეში არ ვყოფილიყავით და საქმე ისე გაგრძელებულიყო,“ – თქვა დღეს თენგიზ გველესიანმა, მაღაროლმა, რომელმაც ბოლო 9 თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა.
ამ 9 თვის განმავლობაში სულ 39 სხდომა გაიმართა.
მაღაროელები ამბობენ, რომ პროკურატურამ ერთი მყარი მტკიცებულებაც კი ვერ წარუდგინა სასამართლოს, რომლის მიხედვითაც მათი ბრალეულობა დამტკიცდებოდა.
ამის მიუხედავად ოთხივე მათგანმა წინასწარი პატიმრობა ციხეში გაატარა, ოჯახებისგან და ახლობლებისგან შორს.
16 იანვარს გამართულ ბოლო, დასკვნით პროცესზე თავის საბოლოო სიტყვაში თენგიზ გველესიანმა პროკურატურას ირონიულად მადლობაც კი გადაუხადა. თენგიზ გველესიანის სიტყვა ონლაინ გამოცემა „პუბლიკამ“ გამოაქვეყნა.
„მადლობას გადავუხდი მათ [პროკურატურას] იმისთვის, რომ პირნათლად გვაჩვენეს, რაც ხდება ჭიათურაში, ვის იმედზე არიან ის ადამიანები, ვის ეყრდნობიან და ვისი იმედი აქვთ საბოლოოდ. ამ დიდ დანაშაულს ვერ ჩაიდენდნენ ისე, ზურგს რომ არ უმაგრებდეთ… არ ვიცი, ვინ არიან ეს ადამიანები, თუმცა პროკურატურამ ნათლად წარმოგვიდგინა, გვაჩვენა, თუ როგორი არჩევითია დანაშაული და როგორი შერჩევითი.
არჩევითია იმიტომ, რომ ჩვენ გვედავებიან ვიღაცის ჯანმრთელობის დაზიანებას მაშინ, როცა ჭიათურის მოსახლეობის 80% ონკოლოგიურად დაავადებულია და ამის დამნაშავეებიც იცით ვინც არიან. ეს არის ზუსტად ჯგუფურად ორგანიზებული დანაშაული, რომელსაც სჩადიან ჭიათურის მოსახლეობის წინააღმდეგ.
კიდევ გვედავებიან ნივთის დაზიანებას გაურკვეველ ვითარებაში, გაურკვეველ გარემოებაში მაშინ, როდესაც გიორგი ნეფარიძეს [ბრალდებული] საკუთარი სახლ-კარი დაუზიანა კომპანიამ და ამის გამო მთელი სოფელი და ნახევარი ჭიათურა განადგურებულია და ეს კარგად იცის პროკურატურამ, როდესაც ჩვენ აქ ვართ ბრალდებულები და გვედავებით ისეთ რაღაცას… იმის ნაცვლად, რომ მტკიცებით ფორმაში ყოფილიყავით, თავდაცვის რეჟიმში იყავით. ამას ჩემი თქმა არ სჭირდება, ეს უბრალოდ ფაქტი იყო“, – თქვა თენგიზ გველესიანმა.
თენგიზ გველესიანის გარდა საბოლოო სიტყვა თქვა კიდევ ერთმა მაღაროელმა არჩილ ჭუმბურიძემ.
არჩილ ჭუმბურიძის სიტყვასაც გამოცემა „პუბლიკა“ აქვეყნებს.
„ბევრს არ ვილაპარაკებ. თუ რა პროცესი მიმდინარეობდა ჭიათურაში და რას ითხოვდნენ დასაქმებულები, ეს ყველამ კარგად იცის. თქვენც, ბატონო მოსამართლე. მხოლოდ ერთს ვიტყვი, უსამართლოდ ვარ გამოკეტილი, უკვე მე-9 თვეა საპყრობილეში.
16 იანვარი ჩემთვის ძალიან ძვირფასი დღეა. დღეს მე და ჩემს მეუღლეს შეგვისრულდა ქორწინების 18 წლის იუბილე. მინდა, მოგილოცო ნინუცა. იცოდე, რომ ყოველი დღე ჩემთვის ბედნიერებით იყო სავსე. მინდა, ეს ყოველივე გაგრძელდეს უსასრულოდ. მადლობა მინდა გადაგიხადო კარგი შვილების აღზრდისთვის, მეგობრობისა და ადამიანობისთვის.
იმედი მაქვს, მოსამართლე გაითვალისწინებს ამ ყველაფერს და მოგვცემს მშვიდად ცხოვრების საშუალებას. უდანაშაულო ვარ და იმედი მაქვს, ამას გაითვალისწინებთ.
მერაბს [სარალიძეს, ერთ-ერთ ბრალდებულს] აქვს დღეს დაბადების დღე და მინდა, მოგილოცო, ძმაო და თავისუფლება გისურვო შენს ლამაზ ოჯახთან ერთად“, – თქვა არჩილ ჭუმბურიძემ სასამართლო პროცესზე.
რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე თამარ მაზანაშვილი 4 მაღაროელის საქმეზე 20 იანვარს გახდება ცნობილი.