აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მინესოტის შტატში აქციაზე გასული ადამიანების ნაწილი პროფესიონალი აგიტატორი და ანარქისტია. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური ჩვენი ქვეყნიდან აძევებს მსოფლიოში ყველაზე ბოროტმოქმედ კრიმინალებს და აბრუნებს მათ სახლში, სადაც მათი ადგილია. რატომ ეწინააღმდეგება მინესოტა ამას? მართლა სურთ მათ, რომ მკვლელები და ნარკოდილერები ცხოვრობდნენ მათ თემში? ბანდიტები, რომლებიც აპროტესტებენ, მოიცავენ უამრავ მაღალანაზღაურებად პროფესიონალ აგიტატორს და ანარქისტს. ნამდვილად ეს არის ის, რაც მინესოტას სურს? ყალბ გუბერნატორსა და „კონგრესმენ“ ომარს, რომელმაც საკუთარ ძმაზე იქორწინა, არ აწუხებთ ეს, რადგან ყურადღება გადააქვთ იმ 18 მილიარდ დოლარზე მეტი თაღლითობიდან, რომელიც შტატში მოხდა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მინეაპოლისში მასშტაბური დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 იანვარს ჩატარებული ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა.
ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება, რომ პენტაგონი ემზადება ალიასკაზე დისლოცირებული 1 500 მედესანტის მინესოტას შტატში გასაგზავნად.
ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით მედია წერს, რომ სამხედროებმა შესაბამისი ბრძანება უკვე მიიღეს და მომზადების პროცესში არიან, თუმცა მინესოტაში მათი გაგზავნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, მინესოტაში შესაძლოა, გაგზავნონ მე-11 საჰაერო-სადესანტო დივიზიის ორი ქვეითთა ბატალიონი. ამჟამად ისინი დისლოცირებული არიან ალიასკაზე და კარგად უძლებენ სიცივეს. მინესოტას შტატში ჰაერის ტემპერატურა ახლა -20 გრადუსია.
დონალდ ტრამპი თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, სამხედროები გააგზავნოს მინესოტაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა 1992 წლის შემდეგ, როდესაც ამერიკელ ჯარისკაცებს მიტინგების დაშლაში ჩართავენ.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის 1827 წლიდან მოქმედი „ამბოხის აქტი“, რომელიც მას აძლევს უფლებას, სამხედროები ქვეყნის შიგნით გამოიყენოს.
მინესოტას შტატში აქციები 7 იანვრის შემდეგ არ წყდება. დემონსტრანტები საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტის მიერ ახალგაზრდა ქალის მკვლელობას აპროტესტებენ.