მაშინ, როდესაც ევროპის ნაწილში მკაცრი ყინვებია, მეცნიერები საგანგაშო დასკვნებს აქვეყნებენ: ბოლო სამი წელი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა. 2026 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშები ადასტურებს, რომ პლანეტა იმაზე სწრაფად ცხელდება, ვიდრე ამას ყველაზე პესიმისტური პროგნოზებიც კი ითვალისწინებდა.
11 ყველაზე ცხელი წელი - ევროპული "კოპერნიკი" და NASA განგაშს ტეხენ
ევროკავშირის კლიმატის ცენტრის (C3S), NASA-სა და გაეროს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 11 წელი დაკვირვების მთელ ისტორიაში (176 წელი) ყველაზე ცხელი პერიოდი იყო.
2025 წელი "ანტილიდერთა" სამეულში მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ეს არა გამონაკლისი, არამედ საშიში ტენდენციის გაგრძელებაა. თუ ასე გაგრძელდა, დედამიწა კრიტიკულ ზღვარს - ტემპერატურის 1.5°C-ით მატებას - მომდევნო 4-5 წელიწადში გადალახავს. ეს 10 წლით ადრეა, ვიდრე 2015 წლის პარიზის შეთანხმების მონაწილეები ვარაუდობდნენ.

ტრამპის "კლიმატური ომი" - ამერიკა ბარიკადების მიღმა
გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლას დიდი დარტყმა მიაყენა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებამ. აშშ-ის პრეზიდენტმა არა მხოლოდ გამოიყვანა ქვეყანა პარიზის შეთანხმებიდან, არამედ უფრო შორსაც წავიდა:
შეაჩერა ამერიკის წევრობა გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციაში.აკრძალა ამერიკელი მეცნიერების მონაწილეობა ექსპერტთა ჯგუფში (IPCC), რომელიც გლობალური დათბობის მიზეზებს სწავლობს.ღიად დაუპირისპირდა ელექტრომობილებისა და განახლებადი ენერგიის (ქარის ტურბინების) განვითარებას.ტრამპის ეს გადაწყვეტილებები მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას კლიმატის დამცველთა ბანაკიდან მოწინააღმდეგეთა რიგებში გადაიყვანს, რაც მეცნიერების აზრით, კატასტროფის პრევენციას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.
რატომ ცხელდება პლანეტა, როცა გარეთ ყინავს?
ბევრისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობენ მეცნიერები დათბობაზე, როცა ევროპაში თოვლი და ყინვაა. სპეციალისტები ამას ორი ძირითადი მიზეზით ხსნიან:
1. სითბური აირები: ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის რაოდენობა შემცირების ნაცვლად კვლავ იზრდება.
2. ოკეანეების "დუღილი": მსოფლიო ოკეანის ზედაპირი რეკორდულად ცხელია, რაც ფენომენ "ელ-ნინიოსთან" ერთად, ამინდის რადიკალურ ცვლილებებს იწვევს.

„დედამიწა მკაფიო სიგნალს გვიგზავნის. დროა, მას მოვუსმინოთ“, -აცხადებს "კოპერნიკის" ატმოსფეროს მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი, ლორანს რუილი.
რა გველოდება?
მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ კლიმატური კატასტროფა გამოიწვევს მასობრივ მიგრაციას, სიღარიბეს და ეკონომიკურ ზარალს, რომელიც 1929 წლის "დიდ დეპრესიას" გაუტოლდება. მაშინაც კი, თუ კაცობრიობა გამონაბოლქვს დღესვე მკვეთრად შეამცირებს, ოკეანის დონისა და ტემპერატურის ზრდა მომდევნო საუკუნეების განმავლობაში მაინც გაგრძელდება.