„ახლა რომ ბაზრობის ტერიტორიაზე მოქმედებს ინდ. მეწარმე, იმის ადგილი სად იქნება, ეს არის მთავარი კითხვა“, - ამის შესახებ რადიოგადაცემაში „თქვენი დრო“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განაცხადა.
საუბარია ცვლილებებზე, რომელიც მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის აკრძალვას ეხება. რეგულაციას დაქვემდებარებულია 14-ზე მეტი მსხვილი არეალი. აღნიშნულ ლოკაციებზე მესაკუთრეებს თავიანთ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე 10 000-მდე მცირე და 1500-ზე მეტი საშუალო მეწარმე ჰყავთ დასაქმებული. რეგულაციების ნაწილი ძალაში 1-ელი იანვრიდან შევიდა, ნაწილი კი 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.
„1-ელი სექტემბრიდან უნდა შევიდეს ძალაში ცვლილებები დაშლილ ავტომობილებთან დაკავშირებით. ეს ტექნიკური რეგლამენტი შემოაქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. უკვე არსებობს მგვ (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება) ზეთების, აკუმულატორებისა და საბურავების შეგროვება-გადამუშავებისთვის. ვიცით რომ, დიდმა ბიზნესებმა, რომლებიც უშუალოდ ზეთების, საბურავებისა და აკუმულატორების შემოტანაზე მუშაობენ, ეს გააკეთეს და გადამუშავება დაიწყეს - შემოჰქონდათ, ცვლიდნენ და გადაამუშავებდნენ.
ეს არის დამატებული ვალდებულება, რაც გულისხმობს დამატებით ხარჯსაც, ისე რომ ამაში კომერციული ინტერესი არ გაქვს. კომერციული ინტერესი შესაძლოა, გქონდეს საბურავის შემოტანასა და მის გაყიდვაში, მაგრამ მის გადამუშავებაში არა. ასეთი ინსტიტუციური ფორმა იქმნება. ეს აქამდე ეხებოდა აკუმულატორებს, ზეთსა და საბურავებს. ახლა შეეხება ნაწილებსაც, გამოდის, რომ ისნის „დაშლილებმა“, „ფეიქრებმა“ და „ელიავა,“, თუ უნდა რომ იმუშაოს, უნდა მიიღოს ისეთი ფორმა, რასაც ჰქვია მგვ. იქ მომუშავე ადამიანები უნდა გააწევრიანოს. როდესაც მოხდება პირველადი რეგისტრაცია, იქნება გადასახადი, გადაიხდის მფლობელი, შევა მგვ-ში და როდესაც მე უკვე მანქანა მეყოლება დასაშლელი, მივიყვან მგვ-ში და დავშლი. როდესაც მოხდება ავტომობილის დაშლა, მის გადამუშავებაზე უნდა იზრუნოს მგვ-მ“.
ჩვენი მოთხოვნაა, რომ რა მოთხოვნებიც ექნება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, დაახლოებით 9 თვეში არ უნდა ჰქონდეს სხვა მოთხოვნები სამინისტროს. ორი უწყებაა, ორი უწყების ადმინისტრირება გამოდის. მუნიციპალიტეტის შემთხვევაში ჩვენ იმაში ვხედავდით რისკებს, რომ რა სამუშაოებიც უნდა გავატაროთ გარემოს დაცვის კუთხით და რა მოთხოვნებიც უნდა დააკმაყოფილოს ბიზნეს ოპერატორმა, ის უნდა იყოს 1-ელ სექტემბერსაც, რომ მერე არ აღმოჩნდეს რომ ბიზნესი ისევ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და ისევ ხარჯი უნდა გასწიოს. რაც შეეხება ტექნიკურ რეგლამენტს, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნების შემთხვევაში ვხედავთ შემდეგ რისკებს: არის ძალიან ბევრი ინდ. მეწარმე, რომელსაც ფართი ნაქირავები აქვს, მაგრამ თავის თავზე მუშაობს, მგვ-ს შექმნის შემთხვევაში, ასეთი რამ ფაქტობრივად აღარ იქნება. იქნება ცენტრალური მგვ, ეს იქნება აიპი, ამ აიპის ექნება თავის ადმინისტრირება, ხელმძღვანელი ეყოლება. ასევე, მინიმუმ ბაზრის 10% უნდა გეკავოს რომ გაწევრიანე და მე და თქვენ რომ დაგვჭრიდეს, ცალ-ცალკე ამის გახსნას ვერ მოვახერხებთ. ე.ი გაერთიანება უნდა იყოს. გამოდის რომ, მგვ-ს წევრი სხვა არის, მაგრამ მომუშავე იმის თანამშრომელი უნდა გახდეს. კითხვა არის ამაში, ყველა დასაქმდება? მგვ-ს წევრი ვხდები მე, როდესაც პირობითად 10 მანქანაზე მეტს დავარეგისტრირებ, მაგრამ ახლა რომ ბაზრობის ტერიტორიაზე მოქმედებს ინდ. მეწარმე, იმის ადგილი სად იქნება, ეს არის მთავარი კითხვა.
იმ ფორმით რა ფორმითაც იყო ადრე, ახლა ვეღარ იმუშავებენ - ბაზრობაზე რომ შევდიოდით, იყო გაუგონარი მდგომარეობა. პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ხალხის მომავალი სად იქნება აქ არის კითხვის ნიშნები. იცით რომ, შექმნილია „მგვ“ საბურავებისთვის, ზეთებისა და აკუმულატორებისთვის და მათ გამოწვევები ბევრი აქვთ, მაგალითად საბურავი რომ მიიღეს, სად გადაამუშავეს? არ იქნებიან ინდ. მეწარმეები, იქნებიან დაქირავებული თანამშრომლები. „მგვ“ რომ ნაწილებს წაიღებს, სად წაიღებს და როგორ გადაამუშავებს?
საქართველოში იმპორტირებული მეორადი ავტომობილების 10-15% იშლება ნაწილებად და შემდეგ ნაწილების რეალიზება ხდება. „მგვ“ შეიქმნება ბაზრობის ტერიტორიაზე, ჯერჯერობით არავინ ფიქრობს სექტემბერში რა მოხდება, მთელი გულისყური გადატანილია იანვარზე, მაგრამ სექტემბერი მალე მოვა. „მგვ“ არის ფონდი, რომელშიც თანხას იხდის იმპორტიორი თუ პირველადი განმთავსებელი, ვინც პირველად შემოიყვანა ავტომობილი და დაარეგისტრირა. შესაძლოა, იყოს გარდამავალი პერიოდი, იმიტომ რომ, ახლა რომ შემოვიყვანე ავტომობილი გასაგებია, მაგრამ იქამდე შემოყვანილი ავტომობილები, რომელიც უკვე დაშლილია და ქვეყანაშია, სად უნდა დაიშალოს „მგვ“-ში? - ამაზე პასუხები ჯერ არ გვაქვს“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.