საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ხაჯალია-სუფსის მონაკვეთი მთლიანად ჩაიკეტა. შეზღუდვა 2026 წლის 14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტი ორივე მიმართულებით ლანჩხუთი-გრიგოლეთის „ძველ“ გზაზე იმოძრავებს.
ამ დრომდე ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად იყო ჩაკეტილი. დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები გზის პერიოდულ შეკეთებას უკავშირდება [ინფორმაციისთვის: ორი კვირით ნაწილობრივ ჩაიკეტა ქობულეთის შემოვლითი გზაც, რამაც ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან საცობები შექმნა].
„პერიოდული შეკეთების სამუშაოების წარმოების მიზნით, 2026 წლის 14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე ორივე მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში, გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ნიგვზიანის [ხაჯალიის მიმდებარედ] წრიულიდან, ხოლო სამტრედიის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი – სუფსის წრიულიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზით ისარგებლებს“ – წერს დეპარტამენტი.
ახალაშენებული ავტობანის ხაჯალია-სუფსის მონაკვეთი სამი წლის წინ, 2022 წლის დეკემბერში გაიხსნა. ის ევროპის საინვეტიციო ბანკის [EIB] ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და მშენებლობაში 113 მილიონი ლარი დაიხარჯა. 2026 წლის მაისში მიმდინარე სამუშაოებში კი, ამჯერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

ხაჯალია-სუფსის ავტობანზე მიმდინარე სამუშაოები / მაისი, 2026 წ. / ფოტო: გზების დეპარტამენტი
„ხაჯალია-სუფსის 8 კმ-იან მონაკვეთზე გზის პერიოდული შეკეთების ფარგლებში მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი და განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 8 მლნ. ლარამდეა“ – წერს გზების დეპარტამენტი.
რატომ გახდა ახალგახსნილ ავტობანზე 8 მილიონი ლარის სამუშაოების ჩატარება საჭირო? – ამ კითხვით „ბათუმელები“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, თუმცა დეპარტამენტში გვითხრეს, რომ პასუხის მისაღებად ოფიციალურად, წერილობით უნდა მივმართოთ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გზაზე შეზღუდვა [ჩაიკეტა მხოლოდ ცალი მხარე: ხაჯალია-სუფსის მიმართულება] 2026 წლის 23 აპრილს დაწესდა და გზების დეპარტამენტის მაშინდელი ინფორმაციით, ეს შეზღუდვა 14 ივნისამდე გაგრძელდებოდა.
როგორც მაშინ „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, ერთ-ერთ სახიდე გადასასვლელზე, სავარაუდოდ, გზა ჩაიწია და ეს მონაკვეთი დემონტაჟს და ხელახლა აღდგენას ექვემდებარებოდა, რაც საავტომობილო გზების დეპარტამენტში არ დაგვიდასტურეს.