ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების პროექტისთვის ბათუმის მერიას კერძო მესაკუთრეებისგან ქონების გამოსასყიდად უკვე გადახდილი აქვს 4,3 მილიონი ლარი. ამავე პროექტის ფარგლებში, მერია დამატებით 572 245 ლარის ღირებულების მიწის გამოსყიდვას გეგმავს, რისთვისაც 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს.

ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების სამუშაოები 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით უნდა დამთავრებულიყო, თუმცა ჯერ დაწყებულიც არ არის. ბათუმის მერიას ამ დრომდე არ დაუსრულებია პროექტისთვის საჭირო კერძო საკუთრების გამოსყიდვა-გადაცვლის პროცესი, რომელიც მეოთხე წელია მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები კი ამ საკითხის მოგვარებამდე არ დაიწყება.

მერიის განმარტებით, ქუჩების შეერთების პროექტის ფარგლებში, ამჯერად გამოსასყიდია 449 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მისამართზე – გორგასლის ქუჩა №150. ზემოაღნიშნული თანხა მიწის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით გაიცემა. ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ბათუმის საკრებულო 30 მარტს განიხილავს.

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტიდან / საკითხს ქალაქის საკრებულო 30 მარტის სხდომაზე განიხილავს

ბათუმში, გორგასლის 150 ნომერში მიწის ნაკვეთის ფართობი ჯამში 1 797 კვადრატული მეტრია და ის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გორგასლის 150“-ს ეკუთვნის [ნაკვეთზე 9-სართულიანი კორპუსი დგას და რეესტრის ბოლო ამონაწერით სულ 57 მესაკუთრეა].

572 245 ლარი ბიუჯეტში „საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამას ემატება. ამასთან, ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტში [ქვეპროგრამაში – საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და კაპიტალური მშენებლობა], ამ ორი ქუჩის შეერთებისთვის ცალკე 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტიდან

2026 წლის ბიუჯეტში ასევე აღნიშნულია, რომ „ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის და ფიროსმანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა მრავალწლიანი პროექტია. სამუშაოების საერთო ბიუჯეტი [2025-2026 წწ.] შეადგენს 1 317 507,15 ლარს“.

ფარნავაზ მეფის და ფიროსმანის ქუჩების შეერთების პროექტი – ქრონოლოგია

ბათუმის მერიამ ამ ორი ქუჩის შეერთების შესახებ გადაწყვეტილება 2023 წელს მიიღო.

2023 წელი: კომპენსაციების გაცემის დასაწყისი

2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, საპროექტო არეალში მოქცეული საექსპროპრიაციო ქონების (გორგილაძის ქ. №91-ში მდებარე 1 822 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის) თანამესაკუთრეებზე საკომპენსაციო თანხის სახით ჯამში 4 162 948 ლარი გაიცა.

2024 წელი: გამოსყიდვის გაგრძელება და ტენდერი

მერიის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს პროექტისთვის ქონების გამოსყიდვის პროცესი გაგრძელდა. კერძოდ:

გორგილაძის ქ. №91-ში მდებარე 31 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, შპს „მირათს“, კომპენსაციის სახით 90 972 ლარი გადაუხადეს;
გორგასლის ქ. №160-ში მდებარე 32 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 31,96 კვ.მ. შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს კი – 105 266 ლარი.

2024 წლის დეკემბრის ბოლოს, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა სამი ახალი გზის მოწყობაზე. პროექტი მოიცავს:

ლერმონტოვისა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთს;
ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების დამაკავშირებელ გზას;
შალვა ინასარიძისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების შეერთებას.

ტენდერის საწყისი ღირებულება 5 339 245 ლარს შეადგენდა.

2025-2026 წლები: შეფერხება და ვადების გადაწევა

2025 წლის თებერვალში ხელშეკრულება შპს „ბონდი-2009“-სთან 5 178 987 ლარზე გაფორმდა, თუმცა ფარნავაზისა და ფიროსმანის ქუჩების შესაერთებლად სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

ბათუმის საკრებულო 2026 წლის 30 მარტის სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშსაც განიხილავს. აღნიშნულ ანგარიშში მერია წერს, რომ „კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საპროექტო ტერიტორიაზე მოხვედრილი კერძო მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებები“.

ამ ეტაპზე მდგომარეობა შემდეგია:

მესაკუთრეთა ნაწილთან შეთანხმება მიღწეულია;
ნაწილთან მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების გაცვლისა და რეგისტრაციის პროცედურები;
შეთანხმების პროცესშია გზის პროექტში მოხვედრილი შპს „ევრო 2000“-ის კუთვნილი ნაკვეთის ალტერნატიული ფართობით ჩანაცვლების საკითხი.

შექმნილი ვითარების გამო, მერიის სამმართველომ და შპს „ბონდი-2009“-მ ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანეს და სამუშაოების დასრულების ვადად 2026 წლის 30 სექტემბერი განისაზღვრა. ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს სამუშაოები ვერ შესრულდა, რის გამოც გეგმით გათვალისწინებული ასიგნებების ათვისება ვერ მოხერხდა.

„ბონდი-2009“ ამჯერად ბათუმის ქუჩებში ქვაფენილის დემონტაჟზე მუშაობს.

შპს „ბონდი-2009“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, უშუალოდ ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა ქალაქის ბიუჯეტს 1 317 507 ლარი დაუჯდება.

batumelebi.netgazeti.ge