30 მარტს ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. ამ ცვლილების მიხედვით, ბიუჯეტი 22 მილიონი ლარით გაიზარდა. ნამატი თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებზე გადაანაწილეს.

ერთ-ერთი ახალი პროექტი, რისთვისაც მერიამ ბიუჯეტში 500 000 ლარი გაითვალისწინა, ბათუმში პარკინგის მშენებლობას ითვალისწინებს.

შეცვლილი ბიუჯეტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა, პარკინგისთვის ადგილი  გოგებაშვილის ქუჩაზე, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეურჩევიათ.

ბიუჯეტის მიხედვით, პროექტი მრავალწლიანია და, საერთო ჯამში, ბიუჯეტში ამ პროექტისთვის 8 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ამ დროისთვის პროექტის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებული არ არის. მერიაში ჯერ ვერ დაგვიზუსტეს დაახლოებით რა ვადაში გეგმავენ ტენდერის გამოცხადებას.

არც ადგილი დაგვიზუსტეს. თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, მერია პარკინგის სივრცის მშენებლობის ადგილად მოიაზრებს გოგებაშვილის #84-ის მიმდებარე მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობიც 8175 კვ.მეტრია.

უნდა ითქვას ისიც, რომ მომიჯნავე ტერიტორია ეკუთვნის შპს „ჯითი მოტორსს“, რომელმაც 2024 წელს ამ ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების ობიექტის მშენებლობის ნებართვა მიიღო. კომპანიამ ეს ნაკვეთი ბათუმის მერიისგან იყიდა.

წითლად მონიშნულია ადგილი, სადაც სავარაუდოდ მერია საპარკინგე სივრცის მშენებლობას აპირებს, მარჯვნივ მწვანედ მონიშნულია შპს „ჯი-თი მოტორსის“ ტერიტორია, ხოლო მარცხნივ მიწის ნაკვეთი შპს „რენტინნს“ ეკუთვნის

ამ ეტაპზე უცნობია დაახლოებით რა მასშტაბის პარკინგის მშენებლობა სურს მერიას და იქნება თუ არა ის ე.წ. მრავალდონიანი პარკინგი. მერიამ ჯერ ტენდერი პროექტის შესყიდვაზე უნდა გამოაცხადოს. ეს ასევე ნიშნავს იმასაც, რომ მშენებლობა შესაძლოა წელს ვერ დაიწყოს.

„პარკირება“ ბათუმში

პარკირების ადგილების დეფიციტი ბათუმისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ბოლო 10 წელია.  ბათუმში არამხოლოდ ტროტუარები და ველობილიკებია ავტომანქანებით ჩახერგილი, არამედ ზებრა გადასასვლელზეც ნახავთ გაჩერებულ ავტომანქანას.

„ადგილი არ არის და რა ვქნათ“ – ამ არგუმენტით ბათუმში უკვე მერიის თანამშრომლებიც ამართლებენ პარკინგის წესების დარღვევას. ისინიც აჩერებენ ავტომანქანებს ტროტუარებზე, ველობილიკებზე, ავტობუსის გაჩერების ადგილებზე.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მანქანა ტროტუარზე

ამ და კიდევ ბევრი სხვა გამოწვევის წინაშე რომ აღმოჩნდებოდა ბათუმი სწორედ ქაოსური განაშენიანების გამო, ამაზე ურბანისტები წლებია აქტიურად საუბრობენ, თუმცა მათ არავინ უსმენს.

2024 წელს ბათუმში არსებული პარკინგის მწვავე პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრის მიზნით აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ბათუმის ცენტრალური სტადიონის სივრცე შესთავაზა როგორც ქალაქის სტუმრებს, ასევე ადგილობრივებს.

ერთი მხრივ, მერია აღიარებს ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობას, როგორც გამოწვევას, მეორე მხრივ კი, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, საკრებულოსთან ერთად, ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, სადაც პარკირების ადგილები ბინების რაოდენობაზე ბევრად ნაკლებია.

ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ახალი კომპლექსების მშენებლობისთვის კომპანიები საკუთარ მიწის ნაკვეთს თითქმის სრულად ითვისებენ, პარკინგისთვის ადგილი ძირითადად ე.წ. ნულ სართულზე [მიწისქვეშა სართული] აქვთ გათვალისწინებული, ეზოს სივრცეში კი ძირითადად მცირე, მაქსიმუმ ოცამდე ავტომანქანის ადგილს ტოვებენ.

მშენებელი, რომელიც დიდ „ფულს აკეთებს“, ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ამ კომპანიის წარმომადგენელი კი, თუ ვერ იპოვის გასაჩერებელ ადგილს, ისიც ტროტუარზე შეაყენებს საკუთარ მანქანას.

ახალაშენებული კორპუსების ეზოებში დატოვებული ადგილები უფასო პარკინგია, მიწისქვეშა სართულზე კი ერთი ავტომანქანის ადგილი 12-14 ათასი დოლარი ღირს.

პარკინგის პრობლემის გადაჭრის გზები მერიას ბათუმის გენგეგმის პროექტის ფარგლებშიც შესთავაზეს. კომპანიას ჯერ მუშაობა არ დაუსრულებია, თუმცა დოკუმენტის პირველი ნაწილი მერიას უკვე ჩააბარა.

კონცეფციის მიხედვით, მთავარი პრობლემა სისტემის დაურეგულირებლობაა ან რეგულირება კერძო მხარის მიერ, როცა საქმე რეგიონულ სატრანსპორტო სქემას ეხება. ამ მხრივ კონცეფციაში ავტოსადგურების პრობლემაზეც არის გამახვილებული ყურადღება.

კონცეფციის მიხედვით, ბათუმში საქალაქთაშორისო 4 ავტოსადგურიდან სამი თითქმის დეგრადირებულია და არ გააჩნია სათანადო ინფრასტრუქტურა, გარდა „მეტროს“ ავტოსადგურისა. ისინი ქალაქის ერთ წერტილშია კონცენტრირებული, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მონოცენტრულობის იდეას.

batumelebi.netgazeti.ge