აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება. პროექტის დასრულება და გზის გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია 368-მეტრიანი გვირაბის გაყვანა. ასევე, ხუთი ახალი ხიდიდან სამზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, ხოლო დარჩენილი ორი ხიდის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის სამუშაოები და ფერდების ფორმირება.
მინისტრის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, პროექტის დასრულებამდე დაგეგმილია ბუნებრივი გარემოს აღდგენაც, მათ შორის, ტყის აღდგენითი სამუშაოები.
პროექტს ახალი კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს.
სამინისტროს განმარტებით, აბასთუმნის შემოვლითი გზა, ბაღდათის მიმართულებით უკვე დასრულებულ მონაკვეთთან ერთად, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურით დააკავშირებს.
ახალი მარშრუტი სატრანზიტო ტრანსპორტს საშუალებას მისცემს, კურორტი გვერდის ავლით გაიაროს, რაც აბასთუმანში სატრანსპორტო ნაკადს შეამცირებს, ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას და კურორტის განვითარებას.